რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკითხზე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე იმსჯელეს
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკითხზე დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე იმსჯელეს

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საკითხი დღეს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე განიხილეს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ განაცხადა, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, რომ წარმოების შეზღუდვას აპირებდა, ამის შესახებ ინფორმაცია მედიით შეიტყვეს, რაზეც კომიტეტმა მყისიერი რეაგირება მოახდინა და აღნიშნული საკითხი სხდომაზე განიხილა.

„საუბარია ირანიდან შემოსული „არმატურისა“ და მისი ხარისხის კონტროლზე. მთავრობამ შექმნა ამის საკონტროლო ნორმაც და ამ ნორმის ამოქმედების ვადა მეტალურგების თხოვნის შესაბამისად განსაზღვრა. თუმცა შემდეგ უკვე იმპორტიორებთან შეიქმნა პრობლემა და სამშენებლო მასალების კონტროლის ნორმის ამოქმედების ვადა დაკორექტირდა და გადაიდო იანვრის შუა რიცხვებში. აი, სწორედ ამან გამოიწვია გაუგებრობები თვითონ მეტალურგიულ ქარხანაში.

დღეს ჩვენ შევიკრიბეთ, რათა ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებმა კიდევ ერთხელ მკაფიოდ განსაზღვრონ მეტალურგიულ ქარხანასთან ერთად, რამდენად არის მოგვარებადი ეს პრობლემა. ჩვენ ძალიან მკაფიო რეკომენდაციები მივეცით ეკონომიკის სამინისტროს, რომ არმატურის ხარისხის შემოწმების კანონმდებლობის ამოქმედების 15 იანვრამდე გადადების გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გაიარონ მეტალურგებთან – ხომ არ შეიძლება, ეს გადაწყვეტილება გახდეს წარმოების შეფერხების მიზეზი“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ინფორმაციით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის იანვარში დახურვის გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ამჟამად მიმდინარეობს საწარმო სიმძლავრეების ეტაპობრივი შემცირება, ირანიდან შემოსული დაბალხარისხიანი დემპინგური პროდუქციის გამო.

„ყველაფერი კეთდება, რომ შენარჩუნებული იყოს სამუშაო ადგილები. შემდგომ გადაწყვეტილებას კომპანია მიიღებს 2019 წლის იანვარში და ის დამოკიდებულია მთავრობის მიერ მიღებულ ზომებზე. ჩვენ არაერთხელ გაგვიცხადებია საჯაროდ, რომ ბოლო თვეებში საქართველოს ფოლადის ბაზარზე შეიქმნა მძიმე მდგომარეობა, რადგან არ იყო მიღებული ზომები დემპინგური იმპორტის შესაჩერებლად. ეს სამწუხარო ტენდენცია კვლავ გრძელდება, რაც ადგილობრივ მწარმოებლებს მძიმე მდგომარეობაში აყენებს. ფოლადის ადგილობრივი მწარმოებლები, სხვა ქვეყნების მწარმოებლებთან შედარებით, ჩაყენებული არიან არათანაბარ საბაზრო პირობებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მდგომარეობის გამოსასწორებლად მთავრობისგან მეტალურგიული ქარხანა რამდენიმე მოქმედების განხორციელებას ითხოვს:

„შეჩერდეს ირანიდან დემპინგური პროდუქციის იმპორტი; აღდგეს ფოლადის ბაზარზე სიმეტრიული სავაჭრო პირობები სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებთან – ჩვენ საექსპორტო პროდუქციას სხვადასხვა სატარიფო და არასატარიფო შეზღუდვები ექმნება აზერბაიჯანში, უკრაინაში, ირანში, თურქეთში, აშშ-ში, მაშინ როცა ამ ქვეყნებიდან ფოლადის პროდუქცია საქართველოში შეუფერხებლად შემოდის; შეჩერდეს ადგილობრივი მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფების დაგეგმილი ზრდა – პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილება შესაბამისი კანონი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, როგორც ექსპორტზე ორიენტირებული კონკურენტული წარმოება, თავისუფალ ვაჭრობას ემხრობა.

„ჩვენ მხოლოდ ვითხოვთ თავისუფალი ვაჭრობის სიმეტრიული წესების დაცვას“, – აღნიშნულია რუსთავის მეტალურგიული ქარხანის განცხადებაში.