რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ხურვალეთთან დამონტაჟებულ სათვალთვალო კოშკურასთან სამუშაოები განაახლეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ხურვალეთიდან იუწყება.
მისი ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები კოშკურას გარშემო ბადეებს ავლებენ. ადგილზე ათამდე რუსი სამხედრო იმყოფება.
ხურვალეთთან, რუსმა ოკუპანტებმა 8 თებერვალს სათვალთვალო კოშკურა დაამონტაჟეს. მათ მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.
სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.
ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.