რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაასრულეს [ფოტო]
რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაასრულეს [ფოტო]

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დაასრულეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ხურვალეთიდან იუწყება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დილიდან განაახლეს. საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

რუსმა ოკუპანტებმა მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხური, რომელიც რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსეს.

სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.