რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ხურვალეთთან სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი განაახლეს [ფოტო/ვიდეო]

სოფელ ხურვალეთთან რუსმა ოკუპანტებმა სათვალთვალო კოშკურის მონტაჟი დილიდან განაახლეს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ხურვალეთიდან იუწყება.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის საოკუპაციო ხაზთან ათამდე რუსი სამხედრო იმყოფება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მძიმე ტექნიკის საშუალებით მიიტანეს ჯიხური, რომელსაც სავარაუდოდ, რკინის კონსტრუქციის სათვალთვალო კოშკურაზე განათავსებენ.

სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟების მიზნით, სამუშაოები ხურვალეთთან 6 თებერვალს დაიწყო.

ამასთან, როგორც პირველ არხს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკურის აღმართვასთან დაკავშირებით არაერთხელ იქნა გააქტიურებული ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. სუს-ის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი მწვავედ დადგება 8 თებერვალს, ერგნეთში დაგეგმილ ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შესახებ გამართულ შეხვედრაზე.