თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ  ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები
თეა ახვლედიანი აცხადებს, რომ  ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ხურვალეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები და საქმეში ჩართულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებული ნებისმიერი ქმედება არის უკანონო და ჩვენ ბუნებრივია, ვგმობთ ნებისმიერ პროვოკაციულ აქტივობას საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან. კონკრეტულად ამ ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმირებული არიან საერთაშორისო პარტნიორები. რა თქმა უნდა, საკითხში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაუყოვნებლივ ჩაერთო, ამოქმედდა ცხელი ხაზი და შესაბამისი უწყებები ახდენენ რეაგირებას“, – განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ხურვალეთში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ქმედებებზე მედიაში გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას სუს-ში განაცხადეს, რომ თითოეული ასეთი აქტივობა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება.

„საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პერიოდულობით ახორციელებენ უკანონო ქმედებებს. თითოეული აქტივობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ფასდება ინდივიდუალურად. ყოველი აქტივობის და მისგან გამომდინარე საფრთხის შესახებ ხდება ადეკვატური რეაგირება საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით“, – აცხადებენ სუს-ში.

დატოვე კომენტარი