რუსმა მეცნიერებმა ციმბირის გაყინული ნიადაგებიდან ამოღებული პრეისტორიული ვირუსების კვლევა დაიწყეს — #1tvმეცნიერება
რუსეთის სახელმწიფო ლაბორატორია „ვექტორის“ ცნობით, მისი მკვლევრები გაყინული ნიადაგებიდან ამოღებული ცხოველების ნაშთებში პრეისტორიული ვირუსების კვლევას იწყებენ.
ციმბირში მდებარე ლაბორატორია განცხადებაში აღნიშნავს, რომ პროექტის მიზანია პალეოვირუსების იდენტიფიცირება და მოწინავე კვლევების ჩატარება ვირუსის ევოლუციის შესახებ.
კვლევა იაკუტსკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მიმდინარე კვლევის ფარგლებში უკვე დაიწყო გაყინული ნიადაგიდან ამოღებული 4500 წლის წინანდელი, პრეისტორიული ცხენის ქსოვილების ანალიზი.
„ვექტორის“ განცხადებით, ცხოველის ნაშთები 2009 წელს იაკუტიაში აღმოაჩინეს, ციმბირის რეგიონში, სადაც რეგულარულად ხდება პალეოლითის ხანის ცხოველების, მათ შორის მამონტების ნარჩენების აღმოჩენა.
მკვლევრები ამბობენ, რომ ისინი ასევე შეისწავლიან მამონტების, ცხენირმების, ძაღლების, გნოლების, მღრღნელების, გარეული კურდღლებისა და სხვა ცხოველების სხეულის პრეისტორიულ ნაშთებს.
იაკუტსკის უნივერსიტეტის მამონტების მუზეუმის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მაქსიმ ჩეპრასოვი პრესრელიზში წერს, რომ გაყინული ნიადაგებიდან ამოღებულ ცხოველებს უკვე ჩაუტარდა ბაქტერიული კვლევები, მაგრამ ამჯერად, პალეოვირუსებზე კვლევა მიმდინარეობს.
ლაბორატორია „ვექტორი“ საბჭოთა კავშირის ბიოლოგიურ იარაღზე მუშაობის ცენტრს წარმოადგენდა და ამჟამად ერთ-ერთია მსოფლიოში იმ ორად-ორი ლაბორატორიიდან, სადაც ყვავილის ვირუსი ინახება.
„ვექტორმა“ შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა EpiVacCorona, რომელსაც რუსეთში ლიცენზია 2020 წლის ოქტომბერში მიენიჭა, მასიური წარმოების დაწყება კი თებერვლის ბოლოს იგეგმება.
მეცნიერთა განცხადებით, არქტიკა გლობალურ საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ უფრო სწრაფად დნება და საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ველურ ბუნებას, ამავე დროს, ათასწლეულების განმავლობაში გაყინული ნიადაგის დნობის შედეგად გარემოში გამოიყოფა მასში შენახული ნახშირბადი.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.