რუსი აგენტის მოწამვლის შემდეგ, ბრიტანეთში ალექსანდრ ლიტვინენკოსა და საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი სხვა პირების საქმეებზე დისკუსია განახლდა
როცა დიდი ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის სავაჭრო ცენტრში რუსი ყოფილი ორმაგი აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, გარდაუვალი გახდა მომხდარის ერთი დეკადის წინანდელ გახმაურებულ მკვლელობასთან დაკავშირება.
2006 წელს ასევე რუსი ყოფილი ჯაშუში ალექსანდრ ლიტვინენკო, გონების დაკარგვის გამო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მსოფლიო სამი კვირის განმავლობაში აკვირდებოდა. ამ პერიოდში იშვიათი რადიოაქტიური იზოტოპის მოქმედებამ ყოფილი ჯაშუშის შინაგანი ორგანოების ეტაპობრივი დაზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.
ბრიტანული კვლევის მიხედვით, ლიტვინენკომ პოლონიუმ 210-ის შემცველი სითხე დალია. მისი მკვლელობა კი, მაღალი ალბათობით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ იყო დაკვეთილი.
66 წლის სკრიპალი, რომელიც 2006 წელს რუსეთში ბრიტანეთის დაზვერვაში მუშაობისთვის დააკავეს და 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, მოგვიანებით, 2010 წელს რუსულ, ამერიკულ და ბრიტანულ სპეცსამსახურებს შორის გაცვლის ოპერაციის ფარგლებში შეიწყალეს. პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი 1999 წლამდე რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარ განყოფილებაში მუშაობდა.
სკრიპალი და მისი შვილი იულია ამ დრომდე კომაში არიან. ადგილობრივი მედიის ცნობით, კომაშია პოლიციელიც, რომელიც შემთხვევის ადგილზე პირველი მივიდა.
პოლიციის ცნობით, ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით არიან მოწამლული. დიდი ბრიტანეთის სამართალდამცავი უწყებები ფაქტს მკვლელობის მიზნით თავდასხმად აფასებენ.
ოფიციალურ გამოძიებას მოწამვლასთან კავშირში რუსეთი ჯერ არ დაუდანაშაულებია, თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, ეს გამოძიების ერთ-ერთი მთავარი ვერსიაა. ძალოვანების განცხადებით კი ამ ეტაპზე ტარდება კვლევა იმის დასადგენად, ნამდვილად მოწამლულია თუ არა სკრიპალი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასავლეთი სკრიპალის მოწამვლას ანტირუსული კამპანიის გამწვავებისთვის იყენებს.
სკრიპალის მოწამვლა ლიტვინენკოს საქმეს დაუკავშირა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბორის ჯონსონმაც.
რუსეთი ყოველგვარ კავშირს უარყოფს, მაგრამ სკრიპალის ინციდენტმა ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბრიტანეთში მომხდარი მკვლელობების შესახებ განხილვებს ახალი სული შთაბერა. შინაგან საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დეპუტატმა ივეტ კუპერმა შინაგან საქმეთა მინისტრს მოთხოვნით მიმართა, განაახლოს კიდევ 14 საქმის გამოძიება. აღნიშნული მოთხოვნა შეეხება დაუდგენელ გარემოებებში ნაპოვნი, გულის შეტევით, თვითმკვლელობით, უბედური შემთხვევების შედეგად და ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი ადამიანების საქმეებს.
2012 წლის ნოემბერში დაცვის თანამშრომელმა, ნილ კლერ-ფორდმა გზაზე უგონო მდგომარეობაში მწოლიარე მამაკაცი იპოვა, რომელიც ყოფილი რუსი ბანკირი ალექსანდერ პერეპილიჩნი აღმოჩნდა.
წარმოშობით უკრაინელი პერეპილიჩნი რუსი ოფიციალური პირებისა და მაფიის წევრების მიერ ფულის გათეთრებაში მონაწილეობდა. 2010 წელს ის ბრიტანეთში გადავიდა და იქაურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა დაიწყო. მან დილით სახლის სიახლოვეს სირბილისას დაკარგა გონება და დავარდა.
44 წლის პერეპილიჩნი 2012 წლის 10 ნოემბერს თავისი სახლის მახლობლად გარდაიცვალა. პოლიციამ საეჭვოდ არ მიიჩნია მის სიკვდილთან დაკავშირებული გარემოებები, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ ბიზნესმენის სხეულში აღმოაჩინეს ნივთიერება, რომელიც იშვიათი მცენარეული შხამით მოწამვლაზე მიანიშნებდა.
მომდევნო წელს კი, რუსი ოლიგარქი და ერთ დროს ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი ბორის ბერეზოვსკი აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ყველა მტკიცებულება თვითმკვლელობაზე მიუთითებდა. მას ვალები ჰქონდა და დეპრესიით იტანჯებოდა. პოლიციის ინფორმაციით, ძალადობის კვალი არ შეინიშნებოდა.
67 წლის მილიარდერი ბორის ბერეზოვსკი რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლთან დაახლოებული პირი იყო, თუმცა მოგვიანებით პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ოპონენტი გახდა. ბერეზოვსკიზე რუსეთში ძებნა იყო გამოცხადებული, სადაც ის დაუსწრებლად გაასამართლეს და თაღლითობაში ბრალდებით პატიმრობა მიუსაჯეს. ბორის ბერეზოვსკი გარდაცვალებამდე 10 წლით ადრე დასახლდა ბრიტანეთში, სადაც მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭეს.