რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ტერორისტული ორგანიზაციების ათასობით მებრძოლი გაემართა
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ტერორისტული ორგანიზაციების ათასობით მებრძოლი გაემართა.
ნარიშკინის განცხადებას რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახუხის პრესცენტრი ავრცელებს.
„ყარაბაღში გაჩაღებული შეიარაღებული დაპირისპირება, როგორც მაგნიტი, ისე იზიდავს სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურის მებრძოლებს. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელთ არსებული ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში აქტიურად ჩადიან დაქირავებული მებრძოლები ახლო აღმოსავლეთში მოქმედი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებიდან; კერძოდ, „ჯაბჰატ ან-ნუსრადან“, „ფირქათ ჰამზადან“, „სულთან მურადიდან“, ასევე ქურთთა ექსტრემისტული დაჯგუფებებიდან. ამასთან, საუბარია ასობით და უკვე ათასობით რადიკალზე, რომლებსაც ყარაბაღის ახალ ომში ფულის შოვნის იმედი აქვთ“, – ნათქვამია ნარიშკინის განცხადებაში.
ამასთან, სერგეი ნარიშკინს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ მხარეზე ან ვისი დაფინანსებით იბრძვიან ექსტრემისტები.
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი აღნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასია შესაძლოა, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებებისთვის ახალ პლაცდარმად იქცეს.
„ეჭვი არ გვეპარება, რომ საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით კონფლიქტის მხარეები საბოლოოდ შეწყვეტენ ძალის გამოყენებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდებიან, თუმცა არ შეიძლება, არ გვაშფოთებდეს, რომ სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს ახალი პლაცდარმი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციებისთვის, საიდანაც შემდეგ მებრძოლებს შეუძლიათ გადავიდნენ აზერბაიჯანთან და სომხეთთან მოსაზღვრე ქვეყნებში, მათ შორის რუსეთში“, – ნათქვამია სერგეი ნარიშკინის განცხადებაში.