გიორგი გოგელია - სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი უსმენს ნარიშკინს და მათ აურევენ გონებას
გიორგი გოგელია - სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი უსმენს ნარიშკინს და მათ აურევენ გონებას

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ადამიანი უსმენს ნარიშკინს და მათ აურევენ გონებას, – ამის შესახებ ერუდიციის ცენტრ „სოფიქსის“ დამფუძნებელმა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გოგელიამ განაცხადა, რომ რუსული სპეცსამსახურების ტაქტიკა საქართველოში სიტუაციის არევისკენაა მიმართული.

„ესაა რუსული სპეცსამსახურების ტაქტიკა. ეს მიმართულია ზოგადად სიტუაციის არევისკენ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არის ბევრი ადამიანი, რომელიც ნარიშკინს უსმენს და უბრალოდ მათ აურევენ გონებას. არ მგონია, ნარიშკინს რაიმე სხვა აინტერესებდეს, მხოლოდ სიტუაციის არევაზეა ლაპარაკი. ამერიკელებს არც აქვთ დეკლარირებული, რომ მაინც და მაინც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას უჭერენ მხარს, ამერიკელების მხარდაჭერა ეკუთვნის ქართველ ხალხს, იმ გეოპოლიტიკურ ვითარებას, რომელიც ჩვენთან არის. ჩვენი დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ამერიკელებს მხოლოდ ეს აინტერესებთ და შესაძლოა ჩვენზე მეტადაც.

რაც შეხება რუსებს, პრაქტიკულად ვერ მეტყვით მაგალითს, როცა ისინი ჩვენთან არეულობის დროს არ ცდილობდნენ მის კიდევ უფრო გამწვავებას. ცეცხლზე ნავთის დასხმა ჩვეულებრივი ტაქტიკაა. გადავხედოთ ისტორიას, რა გვიქნეს: 1921 წელს გლეხების და მუშების დაცვის მოტივით შემოვიდნენ და 70 წელი ჩაგვიქრეს სინათლე, გაგვიჩერეს განვითარება. იგივე ტაქტიკაა. სამწუხაროდ, „სასარგებლო იდიოტები“ არიან ჩვენთანაც, ისევე როგორც ყველგან და სწორედ მათ გასაგონადაა ეს გზავნილი“, – განაცხადა გიორგი გოგელიამ.

სერგეი ნარიშკინის განცხადებით, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.