დავით ზალკალიანი - ნარიშკინის განცხადება ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია
დავით ზალკალიანი - ნარიშკინის განცხადება ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეაფასა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის, სერგეი ნარიშკინის გუშინ გავრცელებული განცხადება, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“.

ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

დავით ზალკალიანის თქმით, აღნიშნული განცხადება პროვოკაციულია და ჰიბრიდული ომის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს.

როგორც ზალკალიანი ამბობს, რუსეთის ფედერაცია ცდილობს,  ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა შემოიტანოს და საკითხი იმგვარად წარმოაჩინოს, თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ძირითად საკითხებთან დაკავშირებით შეუთანხმებლობაა.

ზალკალიანი განმარტავს, რომ საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით მაღალ ნიშნულზეა.

„ამასთან დაკავშირებით, გუშინ ჩემმა პირველმა მოადგილემ გააკეთა განცხადება, შემიძლია კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ეს არის პროვოკაციული განცხადება, ეს არის ჰიბრიდული ომის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ ცდილობს რუსეთის ფედერაცია, ასეთ მაღალ დონეზე შემოიტანოს ქართულ საზოგადოებაში დაბნეულობა, დათესოს ნიჰილიზმი და წარმოაჩინოს საკითხი ისე, თითქოს საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის არის აბსოლუტური შეუთანხმებლობა ყველა ძირითად საკითხზე, მათ შორის, შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. რა თქმა უნდა, ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს კონკრეტული ფაქტები. როგორც არასდროს, ისეთ მაღალ ნიშნულზეა საქართველოსა და მის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს შორის თანამშრომლობა ყველა მიმართულებით –  თავდაცვისა და უსაფრთხოების, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დემოკრატიის გაძლიერების.

ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია სწორედ ამას მიანიშნებს და ასევე ამაზე მიუთითებს განცხადებები, რომლებიც ვიხილეთ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის ბლინკენის განცხადება. მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ნატო-ს კონტექსტში, მხარდამჭერი განცხადებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, ოკუპაციასთან და აგრესიასთან მიმართებით. იგივე ორპარტიული მხარდაჭერა კონგრესის მხრიდან, „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ ხელახლა ინიცირებით და სწორედ ეს არის, რაც მეტად აწუხებთ. კლასიკური მაგალითია, ჰიბრიდული ომის წარმოების მაგალითია, თუ როგორ ცდილობენ ისინი, ქართულ საზოგადოებაში შემოიტანონ დაბნეულობა, დათესონ ნიჰილიზმი და წარმოაჩინონ საკითხები განსხვავებულად, იმ კონტექსტიდან, როგორც მათ აწყობთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.