გიორგი ვაშაძე - ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუ ჩრდილოეთიდან კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპირება
გიორგი ვაშაძე - ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუ ჩრდილოეთიდან კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპირება

ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ, რა გვინდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუ ჩრდილოეთიდან კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპირება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

გიორგი ვაშაძემ კომენტარი გააკეთა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „ბოლო პერიოდში ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო, რომელიც ამერიკული მოთხოვნების უსიტყვოდ შესრულებას თავს არიდებს“. ამავე განცხადების მიხედვით, საქართველოში წესრიგის დასამყარებლად ამერიკელები გეგმავენ, ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და „ქართული ოცნების“ პოზიციების შერყევის სისტემური სამუშაო ააწყონ. ნარიშკინის თქმითვე, „აშშ განაწყობს ევროპულ პარტნიორებს ქართული ოპოზიციის მხარდასაჭერად“.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა იმ ძალას, ვინც ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ ნაბიჯს არ გადადგამს, სრული მხარდაჭერა ექნება რუსეთის მხრიდან. მათ შორის ნიშნავს გზავნილს პირდაპირ „ქართული ოცნებისთვის“, არ შეგეშინდეს, თუ შენ პრობლემები გექნება დასავლეთთან, აგერ ვარ თქვენი ჩრდილოელი ოკუპანტ-მეგობარი. ეს არის პირდაპირი საჯარო გზავნილი. მათ შორის გზავნილი ქართული საზოგადოებისთვის. ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ კიდევ ერთხელ, რა გვინდა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, თუ ჩრდილოეთიდან კიდევ უფრო მეტი ტერიტორიების ოკუპირება. დღეს რუსეთის ხელისუფლება თავიდან ბოლომდე ჩართულია საქართველოს პოლიტიკურ პროცესში, ჰყავს ძალიან დიდი აგენტურული ქსელი საქართველოში, ეს ადამიანები მოქმედებენ რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე. ძალიან მეცინება. ეს რიტორიკა, იგივე რიტორიკა არის უკრაინაში პრორუსული ძალების მიერ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.