ენტონი ბლინკენი - აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები
ენტონი ბლინკენი - აშშ ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები

ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია აზერბაიჯანის სამხედრო მოქმედებებით მთიან ყარაბაღში და მოუწოდებს აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს ქმედებები, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

როგორც სახელმწიფო მდივანი აცხადებს, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს.

„ეს ქმედებები აუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას მთიან ყარაბაღში და ძირს უთხრის მშვიდობის პერსპექტივებს. როგორც ადრე აზერბაიჯანთან აღვნიშნეთ, ძალის გამოყენება დავების გადასაჭრელად მიუღებელია და ეწინააღმდეგება რეგიონში სამართლიანი და ღირსეული მშვიდობის პირობების შექმნის მცდელობებს. მოწოდებით გამოვდივართ, რომ სასწრაფოდ შეწყდეს საომარი მოქმედებები და დაიწყოს ბაქოსა და მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის წარმომადგენლებს შორის პატივსაცემი დიალოგი“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ განაცხადა. უწყების განცხადების თანახმად, „სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების მიერ აზერბაიჯანის არმიის პოზიციების სისტემატური დაბომბვა ყარაბაღის რეგიონში, ტერიტორიების განგრძობადი დანაღმვა, სამუშაოების ჩატარება საინჟინრო, საბრძოლო პოზიციების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სანგრების რაოდენობის გაზრდა ბოლო თვეებში კიდევ უფრო დიდი დაძაბულობის მიზეზი გახდა“.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის რესპუბლიკას მთიან ყარაბაღში არმია არ ჰყავს განთავსებული.