რუისის მოსახლეობის ნაწილი სოფელში მდებარე 10858 კვ.მ მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს
ხმაურია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, სადაც ქარელის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ეკონომიკის სამინისტროსთვის უსასყიდლოდ გადაცემას უნდა უყარონ კენჭი.
სოფელ რუისში მდებარე 10858 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ეკონომიკის სამინისტროსთვის გადაცემას აპროტესტებს რუისის მოსახლეობის ნაწილი.
როგორც ისინი აცხადებენ, ეს არის სოფლის სტადიონი და ფართობი სრულად სპორტული კომპლექსისთვის არის საჭირო.
რუისელების ნაწილი მიიჩნევს, რომ მიწის გადაცემა ხელახალი აუქციონის ჩატარებისა და საბოლოო გაყიდვის მიზნით იგეგმება.
მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საკრებულო მხარს დაუჭერს მოედნის გასხვისებას, სასამართლოს მიმართავენ.
საკრებულოზე დასწრებას შეეცადნენ სამოქალაქო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები, თუმცა ისინი სხდომაზე არ შეუშვეს.
მერიასა და რუისის მოსახლეობას შორის დავა სოფლის მიწის ამ ნაწილზე გასული წლის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მერიამ სადაო მიწის ნაწილი კომპანია “ბიგ სერვისზე” აუქციონის წესით, 54 000 ლარად გაასხვისა.