„რთველი 2019-ის“ საკოორდინაციო შტაბი კახეთში ხვალ გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილმა განუცხადა.
პავლიაშვილის ინფორმაციით, წელს კახეთში 220-240 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.
„შტაბიდან თითო ღვინის ქარხანაზე 4-5 ადამიანი იქნება მიმაგრებული, როგორც ადგილობრივი, ასევე რეგიონული და ჩვენი სამინისტროს წარმომადგენელი, რომ ლოჯისტიკა განხორციელდეს მობილურად და მოქნილად. ვფიქრობ, პროცესები პოზიტიურად წავა“, – აცხადებს პავლიაშვილი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს გადაწყვეტილებით, წელს პირველად „ქინძმარაულისა“ და „მუკუზანის“ ადგილწარმოშობის ზონაში მოყვანილი ყურძნის ჩაბარება-გადამუშავებას კადასტრის ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებული ფერმერები შეძლებენ და ყურძნის ადგილწარმოშობის შესახებ სოფლის გამგებლების მიერ გაცემული ცნობის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ საქართველოში ვენახების კადასტრის პროგრამა ღვინის ეროვნულმა სააგენტომ 2014 წლიდან დაიწყო და ის აუცილებელია ვენახების აღრიცხვიანობის მოსაწესრიგებლად, ასევე ყურძნის ფალსიფიცირების თავიდან ასაცილებლად.