ლევან მეხუზლა - წელს პირველად ოთხ მიკროზონაში ყურძნის ჩაბარება კადასტრის წესით მიმდინარეობს
ლევან მეხუზლა - წელს პირველად ოთხ მიკროზონაში ყურძნის ჩაბარება კადასტრის წესით მიმდინარეობს

რთველი 2019 ქართული ღვინის ისტორიაში პირველი რთველია, რომლის დროსაც ყურძნის კადასტრის წესით ჩაბარების პრეცედენტი შეიქმნა. კახეთის ოთხ მიკროზონაში, როგორიცაა ქინძმარაული, ყვარელი, მუკუზანი და ახაშენი – ყურძნის კადასტრის მიხედვით ჩაბარების პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტო იმედოვნებს, რომ 2-3 წელიწადში კადასტრი კახეთში გაშენებულ ვენახებს სრულად მოიცავს, – ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.

გადაცემაში რთველი 2019-ის მიმდინარეობა და ზოგადად მევენახეობა-მეღვინეობის დარგთან დაკავშირებული პერსპექტივები და გამოწვევები განიხილეს. საკითხის სიღრმისეულად გაცნობის მიზნით, გადაცემის სამი თანაწამყვანი ახაშენს ეწვია და მცირე და საშუალო ზომის მარნების დამფუძნებლებს შეხვდა.

დისკუსიის დროს მეხუზლამ აღნიშნა, რომ მევენახეობა-მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ვენახების კადასტრი, ანუ მათი რეგისტრაცია-აღწერაა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა, რომ წელს პირველად შეიქმნა კადასტრირებული ვენახებიდან ყურძნის ჩაბარების პრეცედენტი.

„ყველაზე მთავარი, ვიდრე წარმოებაზე გადავალთ, არის ვენახების კადასტრი. ანუ უნდა აღვწეროთ ბოლოს და ბოლოს რამდენი ვენახი გვაქვს. ეს ყველაფერი სახსრებთან არის დაკავშირებული. სამწუხაროდ არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მასიურად ერთი ხელის მოსმით ყველაფერი აღვწეროთ. წელს პირველად ორ მიკროზონაში ეს არის ქინძამარაული და მუკუზანი რთველს კადასტრით ვიბარებთ. რეალურად ოთხი მიკროზონა გამოდის, რადგან ქინძმარაული და ყვარელი (ორივე მიკროზონაა) ერთმანეთს ემთხვევა და მუკუზანი (მიკროზნა) თავისთავში ახაშენს (მიკროზონა) მოიცავს. ამიტომ ამ ოთხ მიკროზონაში წელს რთველს კადასტრით ვიბარებთ და ეს კონკრეტული პროექტი ჯერ წარმატებულად მიდის. 2-3 წელიწადში კახეთს მთლიანად მოვიცავთ“, – განაცხადა მეხუზლამ.

რაც შეეხება წლევანდელი რთველის მიმდინარეობას, მეხუზლამ აღნიშნა, რომ რთველი უამინდობის გამო გვიან დაიწყო და ყურძნის უმეტეს ნაწილს რქაწითელი და საფერავი შეადგენს. 23 სექტემბრის დილის 10:00 მონაცემებით, კახეთის რეგიონში 123 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული: 80 ათასი ტონა რქაწითელი, 36 ათასი ტონა საფერავი, 3 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

მეხუზლას ინფორმაციით, ყურძნის ფასი რქაწითელზე 70-80 თეთრია, საფერავზე კი 1.50-2.50 ლარის ფარგლებში მერყეობს.

„რქაწითლის მინიმალური ფასია კილოგრამზე 70 თეთრი, განსაკუთრებულ შემთხვევებში (ეს უფრო ხარისხიანს ეხება) მაგალითად, წინანდლის მიკროზონაში ფასი კილოგრამზე 80-თეთრსაც აღწევს. უფრო ძვირად ბარდება თეთრი ყურძნის სხვა ჯიშები, როგორიცაა კახური მწვანე, ქისი, და ხიხვი. რაც შეეხება საფერავს, ჩვეულებრივი ანუ მიკროზონის მიღმა მოსული საფერავის ფასი კილოგრამზე 1.50-1.60 ლარში მერყეობს და უფრო მაღლაც ადის. ზონების საფერავი, მაგალითად მუკუზნისა – 1.90-დან 2 ლარის ფარგლებშია და ქინძმარაული უფრო ძვირი 2.20 -2.50 ლარი ღირს“, – განმარტა ლევან მეხუზლამ.