ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე - საქართველოში არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც უკვე მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას
მსოფლიო მასშტაბით მძაფრი კონკურენცია და ჭარბი წარმოებაა, ამიტომ ვფიქრობთ, ვენახების სპონტანური გაშენება, რაც ბოლო ათწლეულში აღინიშნებოდა, უნდა დარეგულირდეს, აქცენტი უნდა გაკეთდეს საბოლოოდ მიღებული პროდუქტის, ღვინის ხარისხსა და ჯიშების მრავალფეროვნებაზე, – ამის შესახებ აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული ღვინის ხარისხი და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატება დამოკიდებულია ვენახის ხარისხზე.
„აღნიშნული ცვლილებები პირდაპირ მიმართულია ღვინის სექტორის გაძლიერებისკენ. 2026 წლის 1 მაისამდე შემუშავდება კანონქვემდებარე აქტი, სადაც დეტალურად გაიწერება სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის გაცემის წესები და პროცედურები, რომლებიც უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. ვაზის ნერგები უნდა იყოს მიკვლევადი, ნიადაგის და კლიმატის კრიტიკული მაჩვენებლები უნდა შეესაბამებოდეს კანონქვემდებარე აქტით განსაზღვრულ მაჩვენებლებს; სწორედ მათი შეუსაბამობა გახდება ვენახის გაშენების თანხმობაზე უარის მიზეზი“, – აღნიშნა ლევან მეხუზლამ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, „ვაზისა და ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატა ნორმა, რომლითაც განისაზღვრება სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობის გაცემის ცნება.
„სამეწარმეო ვენახების გაშენებაზე თანხმობის მიღება დასჭირდებათ იმ პირებს, რომლებიც მიმდინარე წლის პირველი მაისის შემდგომ პერიოდში გადაწყვეტენ კომერციული მიზნებისთვის ვენახის გაშენებას.
ახალი რეგულაციით, პირი, რომელიც შეთანხმების გარეშე, თვითნებურად გააშენებს ვენახს, ვერ მოახდენს კომერციული მიზნით ყურძნის ან ღვინის რეალიზაციას. ვენახების გაშენების თანხმობის აღება მოუწევთ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც გეგმავენ კომერციულ საქმიანობას და არ ეხება მათ, ვინც ვენახის გაშენებას პირადი მოხმარებისთვის აპირებს. საქართველოში უკვე არის კვალიფიციური ვაზის სანერგეები, რომლებიც მიმდინარე წლიდან შეძლებენ სერტიფიცირებული ნერგების წარმოებას. ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ ვენახის გაშენებაზე თანხმობა უფასოდ გაიცემა“, – ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.