დავით სონღულაშვილი - წლევანდელი რთველის პრობლემები უამინდობას და რუსეთის ფაქტორს უკავშირდება
დავით სონღულაშვილი - წლევანდელი რთველის პრობლემები უამინდობას და რუსეთის ფაქტორს უკავშირდება

რთველი 2019 დასასრულს უახლოვდება და უკვე ცნობილია, რომ მევენახეები ყურძნის ფასის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. წლევანდელი რთველის პრობლემები ძირითადად ამინდმა და ზაფხულში რუსეთთან ურთიერთობის გართულებამ განაპირობა. ამის შესახებ გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.

გადაცემაში წლევანდელი რთველი და მეღვინეობა-მევენახეობასთან დაკავშირებული პრობლემები განიხილეს. სონღულაშვილმა დაადასტურა, რომ მევენახეების დიდი ნაწილი წლევანდელი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა, რაც ძირითადად ამინდს და რუსეთის ფაქტორს უკავშირდება.

„რთველი ფაქტობრივად დასასრულს მიუახლოვდა. დაახლოებით 230 ათას ტონაზე მეტი ყურძენია დაკრეფილი მთლიანად კახეთში. შესაბამისად, მევენახეებში ყურძნის რეალიზებიდან შესული თანხა 240 მილიონ ლარზე მეტია. მევენახეების დიდი ნაწილი ყურძნის ფასით უკმაყოფილოა. ეს პრობლემა შემოდგომაზე საკმაოდ ცუდმა ამინდებმა გამოიწვია. როდესაც ყურძენი სიმწიფეში შევიდა, წვიმები მოუწია. ამან რთველის გახანგრძლივება გამოიწვია. თავის დროზე ვერ დაკრიფეს ყურძენი, ამან ყურძენში შაქრის დაწევა განაპირობა.

მთელი რიგი პროცესებია, რამაც საბოლოო ჯამში იმოქმედა, როგორც ფასზე, ისე ყურძნის ხარსიხზე – ხარისხი არ იყო სახარბიელო. ძალიან მნიშვნელოვანი ამ კუთხით, რომ მევენახეებმა ე.წ. თავდაცვითი პოზიციით ჩააბარეს ყურძენი, რაც ზაფხულის მოვლენებმა გამოიწვია. იმიტომ, რომ ამ მოვლენების მერე, ყურძნის ექსპორტი ცოტა შეფერხდა და თავისთავად ცხადია, მევენახეები დიდი სიფრთხილით მოეკიდნენ ამ ფაქტს, რადგან ყურძნის ექსპორტის ბაზარზე დიდი წილად ჩვენს მეზობლებზე ვართ დამოკიდებული. ამის გამო მეღვინეები თავდაცვით პოზიციაში გადავიდნენ, რაც შესაბამისად, ყურძნის ფასზე აისახა. ბაზარი რეგულირდება მიწოდება მოთხოვნით და წელს საკმაოდ დიდი მოცულობის მოსავალი იყო. ჯამში ამ ყველაფერმა ყურძნის ფასზე იქონია გავლენა“, – განმარტა დავით სონღულაშვილმა.