კახეთის რეგიონში უკვე 54 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა
კახეთის რეგიონში უკვე 54 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა

კახეთის რეგიონში 16 სექტემბრის მონაცემებით, 54 ათასამდე ტონა ყურძენია გადამუშავებული. ამის შესახებ ინფორმაციას რთველის საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.

საკოორდინაციო შტაბის ცნობით, გადამუშავებული ყურძნიდან 35 ათასი ტონა რქაწითელია, 14 ათასი ტონა საფერავი, 2,7 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენი. მათივე ინფორმაციით, კახეთის რეგიონში რთველი 2019-ის დაწყებიდან დღემდე ყურძენი საწარმოებს უკვე ექვსი ათასამდე მევენახემ ჩააბარა.

რთველის საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, ყურძნის ყოველდღიური გადამუშავება კვლავ რვა ათასი ტონის ფარგლებში რჩება, რაც რთველის პროცესის მაღალ აქტიურობაზე მიუთითებს. ამასთან, რთველის საკოორდინაციო შტაბში უკვე დარეგისტრირებულია ღვინის მწარმოებელი 230 კომპანია, რომლებიც რთველის პროცესში სხვადასხვა დროს ერთვებიან.

რთველი 2019-ის საკოორდინაციო შტაბი სახელმწიფო უწყებებს, მეწარმეებსა და მევენახეებს შორის აქტიური კომუნიკაციის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.