ლევან დავითაშვილი - ყურძნის ფასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციების გავრცელება რთველის პოლიტიზების მცდელობაა
ჩვენი მოლოდინია, რომ ყურძნის ფასები იქნება მასტიმულირებელი და არა დემოტივატორი, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა დღეს კახეთში, „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბში, ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ყურძნის ფასებთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციები ვრცელდება.
„ფასებთან დაკავშირებით, ბოლო დროს არასწორი ინფორმაციებია გავრცელებული, რომ იქნება დაბალი ფასი და ა.შ. ეს არის რთველის პოლიტიზების მცდელობა და სამწუხაროდ, მოდის ოპონენტებისგან, ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში ანგრევდნენ დარგს, ცდილობენ მოსახლეობის დეზინფორმაციას. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ წელს ინდუსტრიული ჯიშის ყურძენზე ფასები შარშანდელზე ნაკლები არ იქნება“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
თელავში დღეს „რთველი 2019“-ის საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. ღვინის კომპანიებს დღეიდან შესაძლებლობა აქვთ, შტაბში, ასევე ონლაინრეჟიმში გაიარონ რეგისტრაცია. რთველის საკოორდინაციო შტაბში დღესვე ვენახების კადასტრის პროგრამის პრეზენტაციაც გაიმართა. წელს „ქინძმარაულის“, „ახაშენის“, „ყვარლის“ და „მუკუზანის“ მიკროზონების ყურძნის ჩაბარება მხოლოდ ვენახების კადასტრის ამონაწერის საფუძველზე იქნება შესაძლებელი. აღნიშნული მიკროზონებიდან ჩასაბარებელი ყურძნის რაოდენობა განსაზღვრულია: ერთი ჰექტრიდან არაუმეტეს 10 ტონა. 10 ტონაზე მეტი რაოდენობის ჩასაბარებელი ყურძენი, შეფასდება როგორც ჯიშური ღვინის მასალა.
წელს კახეთში 250 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ამან შესაძლოა, თავისუფალ ბაზარზე, განსაკუთრებით კი, თეთრ ყურძენზე მეწარმეების მხრიდან მოთხოვნის შემცირება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო მობილიზებულია, რომ მოსავალი არც ერთ გლეხს დაუბინავებელი არ დარჩეს. კონკრეტულად კი, შპს „აკურას“ საჭიროების შემთხვევაში, შესყიდვისა და რთველში ჩართვის უფლების მინიჭების მიზნით სახელმწიფო კრედიტის სახით 20 მილიონ ლარს გამოუყოფს.
რთველი რამდენიმე დღეში დედოფლისწყაროს რაიონიდან დაიწყება და ეტაპობრივად, კახეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს.
რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს.