„რომას“ ქართველი მწვრთნელი - სასურველი და აუცილებელიცაა, იტალიასთან საქართველოს ახლო კავშირი ჰქონდეს #1TVSPORT
„რომას“ ქართველი მწვრთნელი - სასურველი და აუცილებელიცაა, იტალიასთან საქართველოს ახლო კავშირი ჰქონდეს #1TVSPORT

შავი ზღვის საფეხბურთო ფესტივალს, რომელიც ზღვისპირა ხუთ ქალაქში (ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, ურეკში, ლანჩხუთში) რვა დღის განმავლობაში ტარდებოდა, ორგანიზატორებმა ფესტივალზე იტალიიდან მოიწვიეს საფეხბურთო კლუბ „რომას“ ასაკობრივი გუნდის მწვრთნელი და იტალიის მწვრთნელთა ასოციაციის წევრი, 39 წლის ზურაბ მჭედლიძე. მან საქართველოს პირველ არხთან იტალიაში დამკვიდრებასა და მუშაობის შესახებ ილაპარაკა:

„1998-2000 წლებში „დინამოს“ დუბლებში ვთამაშობდი, შემდეგ „მცხეთაში“, ბოლოს კი თბილისის „სპარტაკში“ გადავედი, მაგრამ 2004 წელს ფეხი მოვიტეხე და კარიერა დავასრულე. დავამთავრე სპორტის უნივერსიტეტის სამწვრთნელო კურსი, პარალელურად, თემქაზე საფეხბურთო სკოლა „იბერიაში“ ვმუშაობდი. მერე საკუთარი სკოლა – „დინამო-თემქა“ დავაფუძნე, ბოლოს „საბურთალოში“ ვიმუშავე. 2013 წელს, უეფა-ს სამწვრთნელო ლიცენზიის მიღების შემდეგ, იტალიაში წასვლის პერსპექტივა გამოჩნდა – 31 წლის ვიყავი და მოყვარულთა სერია „ბ“-ს გუნდში მეკარედ ვთამაშობდი. გუნდი პირველ ადგილზე გავიდა და მოყვარულთა სერია „ა“-ში გადავედით, მე კი საუკეთესო მეკარედ დამასახელეს. მეორე წელს სერია „ა“-ც მოვიგეთ, კავშირები გაჩნდა და სერია „დ“-ს „კოლიზეუმის“ მწვრთნელად მუშაობა შემომთავაზეს. ყველაფერი აქედან დაიწყო. ჯერ იყო რომის არაელიტური საფეხბურთო სკოლა „ლასალე“, საიდანაც „რომას“ აკადემიის ფილიალში მიმიწვიეს“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ზურაბ მჭედლიძე.

მისი თქმით, სურს, რომ ქართული ფეხბურთი იტალიას დააახლოოს:

„ახლა „რომას“ აკადემიის ფილიალში მთავარი მწვრთნელი და პარალელურად, 12-წლამდელთა გუნდის კოორდინატორი ვარ. „რომაში“ რეფრეშ-კურსებზე სისტემატურად დავდივარ და ბავშვებს მათი პროგრამით ვავარჯიშებთ. ჩემი დიდი სურვილია, შავი ზღვის ფესტივალის მონაწილე რომელიღაც გუნდმა იტალიის საერთაშორისო ტურნირებზე ითამაშოს. თუ ფესტივალი საერთაშორისო გახდება, გუნდებს იტალიიდანაც ჩამოვიყვანთ. საერთოდ, ყველაზე სასურველი ვარიანტია, იტალიასთან საქართველოს უკეთესი კავშირები ჰქონდეს. ეს აუცილებელიც არის. ბავშვები ევროპაში ხშირად რომ ითამაშებენ, მერე უფრო თავდაჯერებულად, სულ სხვაგვარად ათამაშდებიან“.