„დინამო აკადემიის“ მასშტაბური პროექტი - 32 რეგიონის გუნდებიდან ნაკრები დაკომპლექტდა #1TVSPORT
„დინამო აკადემიის“ მასშტაბური პროექტი - 32 რეგიონის გუნდებიდან ნაკრები დაკომპლექტდა #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ აკადემიაში რეგიონებიდან ფეხბურთელების შერჩევა დასრულდა. პროექტის განხორციელება 4 წლის წინ დაიწყო და რეგიონებში ტალანტების აღმოჩენას ისახავს მიზნად.

ეს ყველაზე მასშტაბური სასელექციო პროექტია, რომელშიც 32 მუნიციპალიტეტის 1500 ბავშვი მონაწილეობდა. „დინამოს“ სელექციონერთა ჯგუფმა 2013/2014 წლებში დაბადებულთა შორის საბოლოოდ ის 18 ფეხბურთელი შეარჩია, რომელიც 11 მარტიდან ვილნიუსის საერთაშორისო ტურნირზე, „ატეიტის თასზე“ იასპარეზებს.

„რეგიონებში უამრავი ტალანტია, რომლებსაც „დინამო თბილისი“ აძლევს შანსს, გაიზარდონ და დიდი ფეხბურთი ითამაშონ. რეგიონებში ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდა და მჯერა, წლების შემდეგ მათი სახელებით ქართული ფეხბურთი იამაყებს.

მნიშვნელოვანი დეტალი – პროექტი 32 მუნიციპალიტეტში განხორციელდა. ამაში ადგილობრივი ხელისუფლება გვეხმარებოდა. მათ გარეშე პროექტის განხორციელება ძალიან რთული იქნებოდა“, – ამბობს „დინამო თბილისის“ აკადემიის მენეჯერი გია ისიანი.