„რომამ“ ევროპის ლიგაზე 3 წუთში 3 პენალტი ვერ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
ევროპის ლიგაზე „რომასა“ და „ლილის“ (0:1) მატჩს დრამატული დასასრული ჰქონდა: სტუმრების მეკარემ ბერქე ოზერმა ზედიზედ სამი პენალტი მოიგერია! მთავარმა მსაჯმა ერიკ ლამბრეხტსმა ორჯერ განმეორებით დაარტყმევინა პენალტი რომაულ კლუბს, მაგრამ ოზერმა ყველა ჯერზე გადაარჩინა ფრანგული კლუბი.
„ლილი“ მე-6 წუთიდან ლიდერობდა ჰაუკონ ჰარალდსონის გოლით, შემდეგ კი მთელი მატჩი იტალიელთა შეტევებს იგერიებდა. 81-ე წუთზე „ლილის“ მცველმა აისა მანდიმ საჯარიმოში ხელით ითამაშა და პენალტი დაინიშნა.
11-მეტრიანს არტიომ დოვბიკი ასრულებდა და ძალიან ცუდად დაარტყა: ოზერმა იოლად აიღო პირველი ბურთი, მაგრამ ერთ-ერთი რომაელი ფეხბურთელი ადრე შევიდა საჯარიმოში და მსაჯმა განმეორებითი დარტყმა დანიშნა.
დოვბიკმა მეორედაც იგივე კუთხეში დაარტყა და თურქმა მეკარემ ისევ აიღო, ოღონდ დარტყმამდე წინ გადადგა ნაბიჯი და მსაჯმა მესამე პენალტი დანიშნა.
ბურთთან მატიას სოულე მივიდა და საპირისპირო კუთხეში დაარტყა, მაგრამ „რომას“ ამან არ უშველა – ოზერმა წესების სრული დაცვით მოიგერია პენალტი და „ლილს“ მოაგებინა.