რომან კაკულია - ეკონომიკის მინისტრის ხედვაში მკაფიოდ იყო ჩამოთვლილი ის ძირითადი გამოწვევები, რომლის გარეშე პროგრესი არ მიიღწევა
რომან კაკულია - ეკონომიკის მინისტრის ხედვაში მკაფიოდ იყო ჩამოთვლილი ის ძირითადი გამოწვევები, რომლის გარეშე პროგრესი არ მიიღწევა

ეკონომიკის მინისტრმა წლის დასაწყისში დოკუმენტის ფორმით შექმნა იმ კონკრეტული მოლოდინის ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც 2019 წლის დეკემბერში მის საქმიანობას შევაფასებთ, – ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას მოხსენების შეფასებისას განაცხადა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას მოიმოქმედებს მმართველი გუნდი, თუ ეს დოკუმენტი არ შესრულდება, რომან კაკულიამ განაცხადა, რომ ამაზე მმართველ გუნდსა და საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია ექნებათ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მინისტრის ხედვაში ძალიან მკაფიოდ იყო ჩამოთვლილი ის ძირითადი გამოწვევები, რომლის გარეშე პროგრესი არ მიიღწევა.

„ამ ხედვაში იყო შიდა, თუ ასე ვთქვათ, გარედან მოსაზიდი ინვესტორებისთვის კონკრეტული შეთავაზებები სფეროებისა, რომლის წახალისებაც მოხდება. ძალიან მკაფიოდ იყო დანახული ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სფეროში არსებული გამოწვევები. ხედვა კონკრეტული იყო“, – განაცხადა კაკულიამ. 

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიიღო თუ არა უმრავლესობამ პასუხი ყველა კითხვაზე, მათ შორის, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებულ საკითხზე, რომან კაკულიამ აღნიშნა, რომ საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, მოსმენაზე ახალი არაფერი თქმულა.

„ჩვენ, ყველა შევთანხმდით – საბაზისო პენსიის პერსპექტივასთან დაკავშირებული გამოწვევები გახდა საფუძველი იმისა, რომ ეს მოდელი ავირჩიეთ. რა თქმა უნდა, ის გარკვეულ რისკს შეიცავს, რაც ქვეყნის განვითარების ტემპზე, დინამიკაზეა დამოკიდებული და ეს არის ქვეყნის განვითარების საუკეთესო თუ არა, კარგ სცენარზე დამოკიდებული პროექტი. ამას ერთიანი რისკის პროექტად მოვიხსენიებ და ჩვენ საზოგადოებასთან ერთად ვრისკავთ, მაგრამ ჩემი აზრით, რისკი გონივრულია. ჩვენს პროექტში გაცილებით მეტი დაცულობის მექანიზმია, რაზეც დღეს ბატონმა მინისტრმაც ისაუბრა“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, არსებობდა სხვა ალტერნატივებიც, მაგრამ მიღებული მოდელი, საქართველოს შემთხვევაში, ერთადერთ საუკეთესო გადაწყვეტილებად შეფასდა, რომლის რისკი მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი.