ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს
ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერა საპენსიო კანონს, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს.

პრეზიდენტმა კანონი თავის ხელმოწერით მას შემდეგ დაამტკიცა, რაც რამდენიმე საათით ადრე მას საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭომ მხარი დაუჭირა.

შრომის მინისტრი ოლივერ დიუსო აცხადებს, რომ, მისი მოლოდინით, რეფორმა სექტემბრიდან ამოქმედდება.

საკონსტიტუციო საბჭომ უარყო ოპოზიციის მოთხოვნა სადავო რეფორმასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე, თუმცა ამასთანავე დაუშვებლად მიიჩნია რეფორმის ზოგიერთი ასპექტი, რის მიზეზადაც სამართლებრივი ხარვეზები დაასახელა.

ემანუელ მაკრონმა სადავო საპენსიო რეფორმა პარლამენტის გვერდის ავლით მარტში დაამტკიცა. საპენსიო სისტემაში ცვლილების წინააღმდეგ საფრანგეთის ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები და საყოველთაო გაფიცვები იანვრის შემდეგ იმართება. ემანუელ მაკრონის პოზიციით, რეფორმა აუცილებელია საპენსიო სისტემის კოლაფსის თავიდან ასაცილებლად.