რომან კაკულია - ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული აქცენტები ზუსტი იყო, მას აქვს პოტენციალი, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს
რომან კაკულია - ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული აქცენტები ზუსტი იყო, მას აქვს პოტენციალი, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს

ისეთი კომპლექსური მოვლენა რომ შეაფასო, რასაც მთავრობის საქმიანობა ჰქვია, ბოლოს და ბოლოს შეგიძლია, ერთი ფურცელი აიღო, შუაში ხაზი გაავლო და ერთ მხარეს პლუსები ჩამოწერო, მეორე მხარეს კი – მინუსები, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მე ამას ყოველთვის ვაკეთებ, ოღონდ ამ პლუსებსაც თავისი მიდგომა აქვს. შენ თუ იდეალური მოდელი აიღე და ეს პლუსი იმას შეადარე, ვერცერთ პლუსს ვერ დაწერ. უნდა აიღო ათვლის წერტილი, საიდანაც ეს ყველაფერი, კონკრეტული საკითხი მოდის, რომელსაც შენ პლუსს ან მინუსს უწერ და ასე უნდა გააკეთო. იმ მინუსსაც თავისი განხილვის თემა აქვს, რადგან ხანდახან მინუსი არის, მაგრამ არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები. როცა გინდა, ობიექტური შემფასებელი იყო, ობიექტურ ფაქტორს ითვალისწინებ. იმიტომ, რომ ადამიანის შეცვლა ზოგჯერ ვერ ცვლის ყველაფერს და თუ ამ ყველაფერს ამ მიდგომით შეიარაღებული ადამიანი შეაფასებს, ობიექტურ შეფასებას მიიღებს. მთავრობის საქმიანობის შეფასებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ის ობიექტური მიზეზები, რომლებიც ძალიან ძნელი დასაძლევია და ობიექტურად შეფასების სურვილის მქონე ადამიანმა ეს უნდა გაითვალისწინოს“, – განაცხადა კაკულიამ.

მისი თქმით, საქართველოს სპეციფიკიდან გამომდინარე, მთავრობის საქმიანობის შეფასებისას ძალიან მნიშვნელოვანია საგარეო ფაქტორი.

„სანამ იმ პლუსებთან და მინუსებთან მიხვალ, არსებობს ერთი დიდი გადაწყვეტილება – საგარეო ფაქტორი და აი, იქ თუ შეგეშალა რამე, აქ ყველა პლუსი რომ გეწეროს, არავითარი მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩვენ ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ გამოჩნდა უნიკალური შესაძლებლობა, რომ კონსენსუსი იქნეს მიღწეული, პირველ რიგში, ჩვენი ტერიტორიის ფუნქციასთან დაკავშირებით, იმ დიდი მოთამაშეების მიერ, რომლებიც ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან. ამ გაგებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკაში რაღაც ცვლილებები იყო ამ ბოლო დროს და უწუნებდნენ ამას. მე ძალიან მომეწონა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვისწავლოთ დაპირისპირებაში შესვლა ჩვენს პარტნიორებთან. ამას გამოცდილება უნდოდა და მე ვხედავ, რომ ეს გამოცდილებაც მოდის. დაპირისპირებაში შეხვალ და მერე დაუბრუნდები შენს საწყის მდგომარეობას“, – განაცხადა კაკულიამ.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად არჩევა დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მის მიერ გაკეთებული აქცენტები ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მას აქვს გამოუყენებელი პოტენციალი, რომელსაც აუცილებლად გამოიყენებს.

„აქცენტები, რაც მან ძალიან მოკლედ გააკეთა, ეკონომიკაზე, პირველ რიგში, თავისუფალი ვაჭრობა გამოყო და ვიცი, ეს რას ნიშნავს, ზუსტად დანახული თემაა; კულტურაზე ზუსტი აქცენტი გააკეთა, სოფელზე საუბრისას ხელმისაწვდომობაზე ილაპარაკა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ზუსტად დანახულია და ასევე, მან ძალიან მნიშვნელოვანი რამ თქვა, რაც ასევე გამოწვევაა. მან თქვა, რომ უნდა გაძლიერდეს სახელმწიფო სერვისების მიწოდების ხარისხი. ეს პრობლემაა ჩვენთან, რომლის გადაწყვეტასაც ცოტა სხვანაირი პოლიტიკური ნება სჭირდება. მიდი, ერთი დარეკე, ჩემი ახლობელი მოვა და მიმიხედე – ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში და ეს მან თქვა, ამას ვაპირებო. ამიტომ მე მას აქცენტები დადებითად შევუფასე“, – განაცხადა კაკულიამ.