როჰინჯას ტრაგედია - მივიწყებული ეთნიკური უმცირესობა
როჰინჯას ტრაგედია - მივიწყებული ეთნიკური უმცირესობა

მიანმარში სიტყვა როჰინჯა აკრძალულია. ეს სიტყვა მიანმარის მთავრობასა და ჯარში სიძულვილთან ასოცირდება, დანარჩენ მსოფლიოში კი იმ ეთნიკურ ჯგუფს აღნიშნავს, რომლის წევრები დაბადებიდან ძალადობისა და დევნისთვის არიან განწირულები.

როჰინჯებს მიანმარში ბენგალიელ მუსლიმებს უწოდებენ.

როჰინჯა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობაა, რომელთა ყველაზე დიდი ნაწილი მიანმარის დასავლეთით, რაკჰაინის შტატში ცხოვრობს.

მათი ენა უძველესია, აღმსარებლობა კი უახლესი. ინდოეთის, დღევანდელი მიანმარისა და ბანგლადეშის ტერიტორიაზე მცხოვრებმა როჰინჯებმა ისლამი მე-8 – მე-9 საუკუნეში მიიღეს.

როჰინჯას ეთნიკური და რელიგიური ჯგუფის წევრების დევნა გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, ხოლო ძალადობრივი ციკლი 1978 წლიდან დაიწყო და დღემდე გრძელდება.

მათი ერთადერთი „დანაშაული“ ის არის, რომ უმრავლესობისგან განსხვავებული რელიგიისა და ეთნოსის წარმომადგენლები არიან.

როჰინჯები დღევანდელი მიანმარის, ყოფილი ბირმის ტერიტორიაზე, ბრიტანეთის კოლონიალიზმის ეპოქაში დასახლდნენ. ისინი დღეს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეები არ არიან, რადგან ბუდისტური მიანმარის მთავრობა ბენგალიელი მუსლიმების არსებობას ვერ ეგუება.

მიანმარის მთავრობა როჰინჯებს, როგორც ეთნიკურ უმცირესობას, არ აღიარებს. 2014 წლიდან მათ არალეგალურად ჩასახლებული ხალხის სტატუსი მიანიჭეს. შესაბამისად, რაკჰაინში მცხოვრებ როჰინჯებს არ აქვთ მოქალაქეობა, არ აქვთ მომავალი, არ აქვთ შესაძლებლობა იარსებონ.

ქვეყნის დასავლეთით განდევნილი მილიონზე მეტი როჰინჯა ხის მიწურებში ცხოვრობს, სადაც საცხოვრებლად გაუსაძლისი პირობებია. სწავლა, მუშაობა და სამედიცინო მომსახურება როჰინჯას ხალხისთვის მიუწვდომელი პერსპექტივაა.

1962 წელს, სამხედრო გადატრიალების შემდეგ, როჰინჯებისთვის უმძიმესი პერიოდი დადგა. დევნისა და ძალადობის გამო ათასობით როჰინჯა ბანგლადეშში, მალაიზიასა და ტაილანდში ლტოლვილად გაიქცა. დღეს მათი დევნა გრძელდება, რაც მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატის, აუნ სან სუ ჩის მმართველობის პერიოდს უკავშირდება. იგი ქვეყნის სათავეში 2015 წლის ნოემბერში არჩევნების გზით მოვიდა.

2017 წლის 25 აგვისტოს რაკჰაინის შტატში ფორმირებულმა როჰინჯების შეირაღებულმა დაჯგუფებამ სამართალდამცველთა რამდენიმე პუნქტზე იერიში მიიტანა, რასაც 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ჯარმა თავდასხმას გენოციდით უპასუხა.

აგვისტოს ბოლოს მიანმარის შეიარაღებული ძალები რაკჰაინის შტატისკენ დაიძრა. მათი მიზანი იყო, როჰინჯებით დასახლებულ სოფლებში ისეთი ძლიერი შიში დაენერგათ, რომ სამომავლოდ ამბოხი და საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლა ვეღარავის გაებედა.

ჯარმა რამდენიმე დღეში 288 სოფელი გადაწვა, კაცები და ბიჭები დახოცეს, ქალები და მოზარდი გოგოები გააუპატიურეს. ვინც გადარჩა, ბანგლადეშში ლტოლვილად გაიქცა. რამდენიმე დღიანი მასობრივი ხოცვის შესაჩერებლად ქვეყნის დე ფაქტო ლიდერმა აუნ სან სუ ჩიმ არაფერი მოიმოქმედა. მისი დუმილი დასავლეთმა ავისმომასწავებელ გზავნილად, გაერო-მ კი რაკჰაინში როჰინჯების მიმართ განხორციელებული ძალადობა ეთნიკურ წმენდად შეაფასა.

მაშინ სან სუ ჩი ამტკიცებდა, რომ ფაქტები გადაჭარბებულია და სამხედროებმა სოფლებში მხოლოდ ანტიტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს, რაც როჰინჯას მეამბოხეთა დაკავებას ემსახურებოდა. მოგვიანებით, ნობელის პრემიის ლაურეატმა აღიარა, რომ ძალის გადამეტება რაკჰაინში მართლაც დაფიქსირდა. მან გაერო-ს წინაშე პირობა დადო, რომ როჰინჯების დევნა შეწყდებოდა. იგივე გაიმეორა ორი კვირის წინ, რომის პაპთან შეხვედრისას, როცა ფრანცისკ პირველი მიანმარში ჩავიდა და ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დევნა დაგმო.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე“ როჰინჯას კრიზისის შესწავლის შემდეგ, ეთნიკური წმენდის ამსახველი მონაცემები გამოაქვეყნა.

აგვისტოდან მოყოლებული დღემდე, მიანმარში 7 ათასამდე როჰინჯას ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი მოკლეს, რელიგიური და ეთნიკური ნიშნით დევნის გამო 600 ათასზე მეტი ბანგლადეშში ლტოლვილად ჩაბარდა.

მიანმარის შეიარაღებული ძალების მხრიდან განხორციელებული ძალადობის მსხვერპლად 730 ბავშვი იქცა, მათგან ნახევარი 5 წლამდე მცირეწლოვანია.

UNICEF-ის ინფორმაციით, მიანმარსა და ბანგლადეშში მცხოვრები როჰინჯებიდან 720 ათასი მოზარდი და მცირეწლოვანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.

დატოვე კომენტარი