66 მილიონი წლის წინ, დედამიწას ათი მილიარდი ატომური ბომბის ძალით ასტეროიდი დაეცა და ევოლუციის მიმართულება შეცვალა.
ცა ბნელმა მოიცვა და მცენარეებმა ფოტოსინთეზი შეწყვიტეს. ჯერ მრავალი მცენარე გახმა, შემდეგ კი ის ცხოველები, რომლებიც მათ ჭამდნენ. კვების ჯაჭვი ჩამოიშალა. სახეობათა 90 პროცენტი მოისპო. როცა მტვერი დაიწმინდა, გადაშენდა ყველა დინოზავრი, გარდა რამდენიმე ფრინველისა.
თუმცა, სწორედ ამ კატასტროფულმა მოვლენამ გახადა შესაძლებელი ადამიანის ევოლუცია. გადარჩენილი ძუძუმწოვრები აღორძინდნენ; მათ შორის იყვნენ პატარა პროტოპრიმატებიც, რომლებისგანაც ჩვენ უნდა მოვდიოდეთ.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ასტეროიდი დედამიწას ასცდა და დინოზავრები გადარჩნენ. წარმოიდგინეთ მაღალგანვითარებული მტაცებლები, რომლებიც თავიანთ დროშას მთვარეზე აღმართავენ. დინოზავრი მეცნიერები აღმოაჩენენ ფარდობითობას, ანდაც განიხილავენ იმის ჰიპოთეტურ შესაძლებლობას, რომ დედამიწაზე ძუძუმწოვრები ბატონობდნენ.
ეს ყველაფერი შეიძლება არასასიამოვნოდ ჟღერდეს სამეცნიერო ფანტასტიკისთვის, მაგრამ სვამს გარკვეულ ღრმა, ფილოსოფიურ კითხვებს ევოლუციის შესახებ. ადამიანები აქ შემთხვევითობის წყალობით ვართ თუ ჭკვიანური ხელსაწყოების მომხმარებელთა ევოლუცია გარდაუვალია?
თავის ტვინმა, იარაღებმა, ენამ და დიდმა სოციალურმა ჯგუფებმა ჩვენ პლანეტის დომინანტ სახეობად გვაქცია. შვიდ კონტინენტზე ამჟამად რვა მილიარდი ჰომო საპიენსი ცხოვრობს. წონის მიხედვით, ადამიანები ერთად აღებულ ყველა გარეულ ცხოველს უსწრებენ.
საკუთარი თავის გამოსაკვებად, დედამიწის ხმელეთის ნახევარს სახე ვუცვალეთ. შეიძლება ამტკიცებდეთ, რომ ადამიანის მსგავსი არსებები გარდაუვლად განვითარდებოდნენ.
1980-იან წლებში, პალეონტოლოგმა დეილ რასელმა წამოაყენა სააზროვნო ექსპერიმენტი, რომლის მიხედვითაც, მტაცებელი დინოზავრი იარაღების გონიერ მომხმარებლად ყალიბდება. ეს „დინოზავროიდი“ დიდტვინიანი იყო, დაპირისპირებული წინა კიდურებით და ვერტიკალურად გამართული დადიოდა.
შეუძლებელი არ არის, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ცხოველის ბიოლოგია მისი ევოლუციის მიმართულებას ზღუდავს. თქვენი საწყისი წერტილი ზღუდავს თქვენს საბოლოო წერტილებს.
თუ კოლეჯში სწავლას მიატოვებთ, შეიძლება თავის ტვინის ქირურგი, იურისტი ან NASA-ს რაკეტების მეცნიერი ვერ გახდეთ, მაგრამ შეიძლება გახდეთ არტისტი, მსახიობი ან მეწარმე. გზა, რომელსაც ცხოვრებაში მივუყვებით, ზოგიერთ კარს აღებს და ზოგიერთს ხურავს. ასეა ევოლუციაშიც.
ავიღოთ დინოზავრების ზომა. იურული პერიოდის დასაწყისში, ზავროპოდი დინოზავრები, ბრონტოზავრები და მისი ნათესავები 30-50-ტონიანი გიგანტები იყვნენ, 30 მეტრი სიმაღლის — სპილოებზე ათჯერ მძიმე და ცისფერი ვეშაპების სიგრძის.
ასე მოხდა მრავალ ჯგუფში, მათ შორის დიპლოდოციდებში, ბრაქიოზავრიდებში, ტურიაზავრიდებში, მამენსიზავრიდებში და ტიტანოზავრებში.
მოხდა სხვადასხვა კონტინენტზე, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა კლიმატში, უდაბნოებიდან ტროპიკულ ტყეებამდე. თუმცა, ასეთ გარემოებში ბინადარი სხვა დინოზავრები სუპერგიგანტები არ გამხდარან.
საერთო, რაც ამ ცხოველებს აკავშირებდა ის იყო, რომ ისინი ზავროპოდები იყვნენ. ზავროპოდების ანატომიამ — ფილტვებმა, ღრუ ძვლებმა სიმტკიცისა და წონის მაღალი თანაფარდობით, მეტაბოლიზმმა ან ამ ყველაფერმა ერთად — მათი ევოლუციური პოტენციალი გახსნა. საშუალება მისცა იმხელები გაზრდილიყვნენ, რამხელაც ხმელეთის არც ერთი სხვა ცხოველი არ გაზრდილა არც იქამდე და არც მას შემდეგ.
ანალოგიურად, ხორცისმჭამელი დინოზავრები მუდმივად ვითარდებოდნენ უზარმაზარ, ათმეტრიან, მრავალტონიან მტაცებლებად. 100 მილიონი წლის განმავლობაში, მეგალოზავრიდები, ალოზავრიდები, კარქაროდონტოზავრიდები, ნეოვენატორიდები და ბოლოს ტირანოზავრები, უმაღლეს მტაცებლებად ჩამოყალიბდნენ.
დინოზავრებს დიდი სხეული ჰქონდა, მაგრამ არც ისე დიდი თავის ტვინი, რომელიც დროთა განმავლობაში დიდად არც იზრდებოდა. ისეთ იურულ დინოზავრებს, როგორებიც იყვნენ ალოზავრები, სტეგოზავრები და ბრაქიოზავრები, პატარა თავის ტვინი ჰქონდათ.
80 მილიონი წლის შემდეგ, ცარცული პერიოდის ბოლოს, ტირანოზავრებსა და იხვნისკარტა დინოზავრებს უფრო დიდი თავის ტვინი ჩამოუყალიბდათ. თუმცა, ზომის მიუხედავად, ტირანოზავრ რექსის თავის ტვინი მაინც 400 გრამს იწონიდა. ველოცირაპტორების თავის ტვინი 15 გრამს იწონიდა. საშუალო ადამიანის თავის ტვინი 1,3 კილოგრამს იწონის.
დროთა განმავლობაში, დინოზავრები ახალ ნიშაში შევიდნენ. უფრო გავრცელდნენ პატარა ბალახისმჭამელები და ფრინველები გამრავალფეროვნებდნენ. მოგვიანებით ჩამოყალიბდა გრძელფეხიანი ფორმები, რაც მიუთითებს შეჯიბრზე ბრტყელფეხებიან მტაცებლებსა და მათ მსხვერპლებს შორის.
როგორც ჩანს, დინოზავრებს სულ უფრო მზარდი სოციალური ცხოვრება ჰქონდათ. ცხოვრება ჯოგებად დაიწყეს, თანდათან კი დახვეწილი რქები ჩამოუყალიბდათ ბრძოლისა და თავის მოსაწონებლად. როგორც ჩანს, დინოზავრები ძირითადად საკუთარ თავს იმეორებდნენ, ვითარდებოდნენ გიგანტურ პატარა ტვინის მქონე ბალახისმჭამელებად და მტაცებლებად.
დინოზავრების 100 მილიონ წლიან ისტორიაში ცოტაა იმის მინიშნება, რომ ისინი რადიკალურად სხვა გზით წავიდოდნენ, ასტეროიდი რომ არ ჩამოვარდნილიყო. ალბათ ისევ იქნებოდნენ სუპერგიგანტი, გრძელკისერა ბალახისმჭამელები და ტირანოზავრების მსგავსი მტაცებლები.
შეიძლება ჩამოჰყალიბებოდათ ოდნავ დიდი თავის ტვინი, მაგრამ ცოტაა იმის მტკიცებულება, რომ ისინი გონიერ არსებებად გადაქცეულიყვნენ. არც ის არის სავარაუდო, რომ მათ ძუძუმწოვრები განდევნიდნენ. დინოზავრებმა გარემოს მონოპოლიზება საკმაოდ ბოლოს შეძლეს, სწორედ მაშინ, როდესაც ასეტროიდი ჩამოვარდა.
იმავდროულად, ძუძუმწოვრებს განსხვავებული შეზღუდვები ჰქონდათ. ისინი არასოდეს ჩამოყალიბებულან სუპერგიგანტ ბალახისმჭამელებად ან ხორცისმჭამელებად. თუმცა, გამუდმებით ვითარდებოდა მათი თავის ტვინი. მასიური თავის ტვინი (ჩვენხელა ან უფრო დიდი) ჩამოყალიბდა ცელნამგალა ვეშაპებში, კაშალოტებში, უკბილო ვეშაპებში, სპილოებში, ზღვის ლეოპარდებსა და ადამიანის მსგავს მაიმუნებში.
დღეისათვის, კომპლექსური თავის ტვინი აქვს დინოზავრების რამდენიმე შთამომავალს, მაგალითად, ყვავებს და თუთიყუშებს. მათ შეუძლიათ იარაღების გამოყენება, ლაპარაკი და დათვლა. მაგრამ ადამიანის მსგავს მაიმუნებს, სპილოებსა და დელფინებს ჩამოუყალიბდათ ყველაზე დიდი თავის ტვინი და ყველაზე კომპლექსური ქცევები.
გახდა თუ არა დინოზავრების გადაშენება ძუძუმწოვრების გონიერ არსებებად ჩამოყალიბების გარანტია?
შეიძლება არა.
საწყისი წერტილები შეიძლება სასრულ წერტილებს ზღუდავდეს, მაგრამ სულაც არ არის მათი გარანტია. სტივ ჯობსმა, ბილ გეიტსმა და მარკ ცუკერბერგმა კოლეჯში სწავლა მიატოვეს. თუ სწავლისთვის თავის დანებება ავტომატურად გაგხდით მულტიმილიარდერს, ყველა კოლეჯმიტოვებული მდიდარი იქნება. სწორ ადგილას დაწყების შემთხვევაშიც კი საჭიროა შესაძლებლობები და იღბალი.
პრიმატების ევოლუციური ისტორია ვარაუდობს, რომ ჩვენი ევოლუცია გარდაუვალი იყო. აფრიკაში პრიმატები ადამიანის მსგავს დიდტვინიან მაიმუნებად ჩამოყალიბდნენ და შვიდი მილიონი წლის განმავლობაში წარმოქმნეს თანამედროვე ადამიანი. თუმცა, პრიმატების ევოლუციამ ყველგან ძლიერ სხვადასხვანაირი გზა განვლო.
სამხრეთ ამერიკას მაიმუნები 35 მილიონი წლის წინ მისწვდნენ, მაგრამ განვითარდნენ მაიმუნთა უფრო მეტ სახეობად. ჩრდილოეთ ამერიკაში პრიმატებმა სულ მცირე სამ სხვადასხვა დროში მიაღწიეს — 55 მილიონი წლის წინ, 50 მილიონი წლის წინ და 20 მილიონი წლის წინ.
მიუხედავად ამისა, ისინი სულაც არ ჩამოყალიბებულან სახეობად, რომელიც ბირთვულ იარაღსა და სმარტფონებს ამზადებს. ამის ნაცვლად, ჩვენთვის უცნობ რაღაც მიზეზთა გამო, ისინი გადაშენდნენ.
პრიმატების ევოლუცია უნიკალური მიმართულებით აფრიკაში და მხოლოდ აფრიკაში წავიდა. აფრიკის ფაუნის, ფლორისა და გეოგრაფიის რაღაც მახასიათებლებმა ადამიანის მსგავს მაიმუნთა ევოლუცია წარმართა: სახმელეთო, დიდსხეულიან, დიდტვინიან, იარაღების მომხმარებელ პრიმატებად.
დინოზავრების გაქრობის გარეშეც სჭირდებოდა ჩვენს ევოლუციას შესაძლებლობისა და იღბლის სწორი კომბინაცია.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.