როგორ შეძლო ჩინეთმა ვირუსის შეჩერება, რა ხდება ახლა იქ და მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა
როგორ შეძლო ჩინეთმა ვირუსის შეჩერება, რა ხდება ახლა იქ და მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა

რამდენიმე თვის შემდეგ პირველად, ჩინეთის ხუბეის პრონვინციამ, სადაც ახალი კორონავირუსი თავდაპირველად გამოჩნდა, ყურადღება კარგი ამბის გამო მიიქცია. COVID-19-ის შემთხვევები იქ პრაქტიკულად ნულამდე დაეცა და თითქმის 60-დღიანი იზოლაციის შემდეგ, მთავრობამ პროვინციაში სამგზავრო შეზღუდვები მოხსნა. მეცნიერები და დანარჩენი მსოფლიო აქტიურად აკვირდება, გაგრძელდება თუ არა ახალი შემთხვევების გამოვლენა მკაცრი ზომების მოხსნის შემდეგ. როგორც ადრეული ანალიზები მიუთითებს, ეს შიში სულაც არ არის უსაფუძვლო.

„კარანტინის მოხსნის დრო ნამდვილად არის, მაგრამ საჭიროა ფხიზლად ვიყოთ ინფექციის მეორე პოტენციური ტალღისადმი“, — ამბობს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბენ კოულინგი, რომელი ჩინეთში სიტუაციას აკვირდება. თუკი მეორე ტალღა მართლაც მოდის, კოულინგი მის გამოჩენას აპრილის ბოლოსთვის პროგნოზირებს.

როგორ განვითარდება მოვლენები ხუბეის პროვინციასა და დანარჩენ ჩინეთში, გასათვალისწინებელი იქნება ევროპისა და ამერიკის მრავალი ქვეყნისთვის, რომლებსაც უკვე შემოღებული აქვთ მკაცრი ზომები. გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის გავრცელების მოდელირება კი მიუთითებს, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანცირებისთვის მიღებული ზომები, მათ შორის სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვა, უახლოესი ორი წლის განმავლობაში უნდა შენარჩუნდეს, რათა საავადმყოფოებმა COVID-19-ის მძიმე პაციენტების სათანადოდ მართვა შეძლოს.

თუმც, თუკი ჩინეთმა აჩვენა, რომ კარანტინის მოხსნის შემდეგ COVID-19 მეორედ მნიშვნელოვნად აღარ დაბრუნდა, შეიძლება ნათელი გახდეს, რომ ასეთი ხანგრძლივი შეზღუდვები მართლაც არ არის საჭირო.

ახალი შემთხვევების გამოსავლენად, ჩინეთის პროვინციები ამჟამად იყენებენ აქტიურ ტესტირებას და კონტაქტების დადგენას; ვირუსის ხელახლა აზვირთების თავიდან ასაცილებლად, მიმართავენ სოციალური დისტანცირების გარკვეულ მეთოდებსაც. ქვეყანამ ასევე ჩაკეტა ყველა საზღვარი, რათა არ მოხდეს ინფიცირებულთა იმპორტის შემთხვევები. ჩინეთში დაბრუნების უფლება მხოლოდ მის მოქალაქეებს ეძლევათ, მაგრამ სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

თუმცა, როგორც ზოგიერთი მკვლევარი აღნიშნავს, ჩინეთში სიტუაცია განსხვავებულია, რადგან მთავრობა აგრესიულად მოქმედებს, ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად იყენებს სოციალურ დისტანცირებას, აქტიურ ტესტირებას და ინფიცირებულ ადამიანთა იზოლირებას, რითაც კეტავს პოტენციური გავრცელების წყაროებს. ეს სტრატეგია ქვეყანას გავრცელების შეკავებაში დაეხმარა. თუმცა სხვა ქვეყნები, მაგალითად, იტალია და ესპანეთი, ძირითადად ვირუსის შენელებაზე ფოკუსირდნენ, სოციალური დისტანცირების გზით, ინტენსიური ტესტირებისა და კონტაქტების დადგენის გარეშე. კოულინგის თქმით, ნორმალურ ცხოვრებაზე დაბრუნების მცდელობისას, ისინი უფრო მეტი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან, ვიდრე პანდემიამდე იყვნენ.

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ინფექციურ დაავადებათა მკვლევრის, გაბრიელ ლეუნგის განცხადებით, ახალი გავრცელების რისკი ჩინეთში მაღალია გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანებს შორის ვირუსი ადვილად ვრცელდება და არის შანსი, რომ ინფიცირების გარკვეული შემთხვევები ჯერ გამოვლენილი არ არის. მისი თქმით, შესაძლოა, ერთი საყოველთაო კარანტინი საკმარისი არ იყოს და ვირუსის შესაჩერებლად კვლავ საჭირო გახდეს მკაცრი ზომების მიღება.

„ჯანმრთელობას, ეკონომიკის დაცვასა და ემოციურ კეთილდღეობას შორის არსებული დაძაბულობა უახლოეს მომავალში ყველა მთავრობას შეახსენებს თავს“, — ამბობს ლეუნგი.

შეზღუდვების შემსუბუქება

ხუბეის პროვინციაში, სადაც დაახლოებით 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ცხოვრება ნორმალურ მდგომარეობას ჯერ არ დაბრუნებია, მაგრამ ხალხი ნელ-ნელა ტოვებს სახლებს და სამსახურებს უბრუნდება, იხსნება დახურული ქარხნებიც. სკოლები, საბავშვო ბაღები და უნივერსიტეტები ჯერ ისევ დახურულია, რადგან მთავრობა ეპიდემიის კონტროლის მხრივ სამეცნიერო შეფასებას ელოდება. პროვინციის დედაქალაქ უხანში შესვლა და გასვლა 8 აპრილამდე კვლავ შეზღუდულია. მანამდე კი, ადამიანებს ქალაქში შესვლა-გასვლისთვის ვირუსზე ტესტირება მოეთხოვებათ. 18 მარტის შემდეგ, ხუბეის პროვინციაში ინფიცირების მხოლოდ ერთი ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

ბრიტანელ მკვლევართა ჯგუფმა შექმნა მოდელი იმის შესახებ, გაზრდის თუ არა ინფიცირების მაჩვენებელს ჩინეთის COVID-19-ის შემთხვევების ყველაზე მაღალი რიცხვის მქონე ექვს პროვინციაში სამოგზაურო შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ დაწყებული მოძრაობა; მოდელმა ახალი შემთხვევების აზვირთებაზე მიუთითა. ხუბეის, პეკინის, გუანდონის, ხენანის, ხუნანისა და ჯეძიანის პროვინციებში საყოველთაო კარანტინმა COVID-19-ის ახალი შემთხვევების მაჩვენებელი თითქმის ნულამდე დაიყვანა.

ჯგუფმა, რომელსაც ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციურ დაავადებათა მკვლევარი ნილ ფერგიუსონი ხელმძღვანელობდა, დაადგინა, რომ თებერვლის ბოლოს, ამ პროვინციებში, გარდა ხუბეისა, მოძრაობისა და ეკონომიკური საქმიანობის გაზრდის მიუხედავად, ახალ ინფექციათა მაჩვენებელი მაინც თითქმის ნული დარჩა. მარტში აქტივობები ხუბეიშიც განახლდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა კი აქაც დაბალი დარჩა. ანალიზები ასკვნის, რომ მკაცრი კარანტინის შედეგად ვირუსის შეკავების შემდეგ, „ჩინეთმა გარკვეული დონით შეინარჩუნა წარმატებული სოციალური დისტანცირების მკაცრი პოლიტიკა“.

„ჯერჯერობით ძალიან კარგია“, ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის ახალ დაავადებათა მკვლევარი ენდრიუ ტატემი. თუმცა, იქვე დასძენს, რომ დასკვნების გაკეთებას გარკვეული სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. იმ ექვს პროვინციაში, გარდა ჯეძიანისა, რომელთა მაჩვენებლებიც ჯგუფმა შეისწავლა, მოძრაობა და ეკონომიკური აქტივობა იმის ნახევარი იყო, რაც პანდემიამდე; ჯეძიანის პროვინციაში ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ დონეს დაემთხვა. თუმცა, შესაძლებელია, რომ აქტივობის ზრდასა და ახალ შემთხვევათა გამოვლენას შორის იყოს ერთგვარი ჩამორჩენაც. „დაველოდოთ და ვნახოთ — სწორედ ამ ეტაპზე ვართ ახლა“, ამბობს ტატემი. მისივე თქმით, ძალიან საინტერესო იქნება, რა ფორმებს მიიღებს გრაფიკები მას შემდეგ, რაც მოძრაობა კიდევ უფრო გაიზრდება და ნორმალურ მაჩვენებელს დაუბრუნდება.

მეორე ტალღა

გაბრიელ ლეუნგის განცხადებით, ვირუსს დაბრუნება გაუჭირდება იმ საზოგადოებაში, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც, დაახლოებით 50-70 პროცენტი წარსულში ინფიცირებული იყო და ახლა იმუნიტეტი აქვთ. თუმცა იგი იქვე შენიშნავს, რომ უხანშიც კი, რომელზეც ჩინეთის 81 000 შემთხვევის ნახევარზე მეტი მოდის, წარსულში ინფიცირებული და ამჟამად დაავადებისადმი იმუნური მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლებია; ეს კი ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ინფექციისადმი ჯერ კიდევ მოწყვლადია. იმუნურ ადამიანთა რაოდენობას გაზრდის ვაქცინა, მაგრამ ვაქცინის გამოჩენას სულ მცირე ერთი წელი უნდა ველოდოთ.

ენდრიუ ტატემის განცხადებით კი, ზომების შემუბუქების რისკის სანახავად მხოლოდ ჰონგ-კონგის მაგალითიც კმარა. ჰონგ-კონგმა, სინგაპურმა და ტაივანმა კორონავირუსის გავრცელების პირველი ტალღა ინტენსიური ტსტირებისა და კონტაქტების დადგენის გზით შეაკავეს.

თუმცა, გასულ კვირაში სამივე რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იმატა. უმეტესი მათგანი უცხოეთიდან დაბრუნებული მოგზაური იყო, მაგრამ დაფიქსირდა ადგილობრივი გადადების შემთხვევებიც. სამივე რეგიონს ამჟამად აკრძალული აქვს უცხეოლების შესვლა და კვლა ორკვირიანი საყოველთაო კარანტინი გამოაცხადეს.

ტატემის თქმით, შეკავებისთვის მიღებული ზომები უნდა შემსუბუქდეს თანდათან და შენარჩუნდეს უდიდესი სიფრთხილე, ძალიან ახლო მონიტორინგი და მეთვალყურეობა.

ტესტირება და კვალის დადგენა

ჩინეთი ჯერ კიდევ ინარჩუნებს COVID-19-ის ვრცელ მონიტორინგს მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროვინციებმა ყველა მოქალაქეს მიანიჭეს დასკანირებადი QR კოდი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მათი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მოგაურობის ისტორიის შესახებ. თუ პირი იმყოფება ჩინეთის იმ რეგიონში, რომელიც უსაფრთხოდ არის მიჩნეული ან იმყოფებოდა კარანტინში და დაავადება არ გამოუვლინდა, ენიჭება „მწვანე სტატუსი“, რაც მას უფლებას აძლევს გადაკვეთოს პროვინციის სტატუსი, შევიდეს საავადმყოფოებსა და საცხოვრებელ ზონებში, იმგზავროს მეტროთი და მატარებლით.

ეს ზომა უზრუნველყოფს იმას, რომ ინფიცირებული ადამიანი სხვა ხალხში არ გაერიოს და ამავე დროს, ახალი ინფიცირებულის გამოვლენის შემთხვევაში, მთავრობას შეუძლია თვალი გადაავლოს პირის მოძრაობის ისტორიას და გამოავლინოს ის ადამიანები, რომლებთანაც მას კონტაქტი ჰქონდა. კოულინგი ამას „ტესტირებისა და კვალის დადგენის მოწინავე ფორმას უწოდებს“, რაც ჩინეთს რაც შეიძლება მეტი ინფიცირებული ადამიანის რაც შეიძლება სწრაფად გამოვლენისა და იზოლაციის საშუალებას აძლევს.

დიდ კითხვად რჩება, იქნება თუ არა ეს ზომები საკმარისი ახალი გავრცელების შესაჩერებლად. კოულინგი ფიქრობს, რომ სხვა ქალაქებს უხანის მსგავსი მასშტაბის ტესტირების ჩატარება შეიძლება გაუჭირდეთ; უხანში დღეში 10 000 ტესტამდე ტარდებოდა. მისი თქმით, სახიფათოა მხოლოდ ბევრ ტესტსა და იზოლაციაზე ფოკუსირება, რადგან ამ დროს სოციალური დისტანცირების ზომა მაინც მნიშვნელოვანი უნდა იყოს.

როგორც ჩანს, ჩინეთის ქალაქებს ზომების შემსუბუქების გამო მაინც ეშინიათ. შანხაიში კვლავ დაიხურა 18 დღის წინ გახსნილი მუზეუმები და ატრაქციონები; დაიხურა კინოთეატრებიც. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქმა ზოგიერთი ზომა შეამსუბუქა, ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება უკვე ნებართვის გარეშე შეუძლიათ და ამ ზონებში შესვლის უფლება დაბრუნებულ ადამიანებსაც მიეცათ. ქალაქმა ასევე მოხსნა საჯარო ადგილებში ნიღბების ტარების ვალდებულება, რაც მანამდე დრონებისა და რობოტების საშუალებით კონტროლდებოდა.

იმ ქვეყნების უმეტესობა, სადაც ამჟამად კორონავირუსი მთელი სისასტიკით მძვინვარებს, მათ შორის იტალია, ესპანეთი და აშშ, ძირითადად მიმართავენ სოციალური დისტანცირებისა და ადამიანების სახლებში დატოვების პოლიტიკას. ეს ზომები ჩინეთსაც ჰქონდა მიღებული, მაგრამ ამავე დროს, მან ააშენა ახალი საავადმყოფოები და ატარებდა მასობრივ ტესტირებას. შესაბამის უწყებათა წარმომადგენლები დადიოდნენ კარდაკარ და მოსახლეობას უზომავდნენ ტემპერატურას. ნებისმიერს, ვისაც ტემპერატურა მომატებული ჰქონდა, უტარებდნენ ტესტირებას, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი გადაჰყავდათ იზოლაციაში.

„ასეთმა ბეჯითმა შრომამ მათ ვირუსის შეჩერების საშუალება მისცა. სხვა ქვეყნები ჩინეთის მაგალითს მიჰყვებიან, მაგრამ არა ზუსტად იგივე გზით“, — ამბობს ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი ბენ კოულინგი.

მომზადებულია nature.com-ის მიხედვით.