კორონავირუსის უჩვეულო სტატისტიკა გერმანიაში: ბევრი ინფიცირებული, ცოტა გარდაცვლილი — შესაძლო მიზეზები
კორონავირუსის უჩვეულო სტატისტიკა გერმანიაში: ბევრი ინფიცირებული, ცოტა გარდაცვლილი — შესაძლო მიზეზები

კორონავირუსის კრიზისმა გერმანიას მთელი ძალით დაარტყა. ინფიცირებულთა რაოდენობა სწრაფად იზრდება; ქვეყანაში დახურულია სკოლები, ქარხნები, რესტორნები. მთავრობის მიერ გავრცელების შესაჩერებლად მიღებული ზომები ყოველდღიურად მკაცრდება.

თუმცა, ერთ მეტად გადამწყვეტ ასპექტში ქვეყანამ თვალშისაცემი სიძლიერე აჩვენა — მიუხედავად ინფიცირებულების დიდი ოდენობისა, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება ითქვას, რომ ძალიან მცირეა.

ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გერმანიაში ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 49 000-ს აჭარბებს, წინ უსწრებს მხოლოდ აშშ, ჩინეთი, იტალია და ესპანეთი.

ამ დროს, გერმანიაში გარდაცვლილთა რაოდენობა 304-ია. მეზობელ საფრანგეთში ინფიცირებულია 29 500 ადამიანი, 1700 კი გარდაცვლილი. ესპანეთში ინფიცირებულთა რაოდენობა 64 000-ია, გარდაცვლილების კი 9300. აშშ, გაერთიანებული სამეფო, იტალია — სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველგან გერმანიაზე გაცილებით მაღალია.

ამ აშკარა შეუსაბამობამ გერმანიასა და მის ფარგლებს გარეთ დებატები გამოიწვია, თუმცა, ექსპერტები დასკვნების გამოტანისგან თავს იკავებენ. მათი მტკიცებით, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ქვეყანაში დიდი ალბათობით გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ ეპიდემია ჯერ ისევ ადრეულ ეტაპზეა და ინფიცირებულთა ასაკობრივი პროფილი გაცილებით ახალგაზრდაა, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ახალგაზრდა პაციენტებს მოხუცებთან შედარებით COVID-19-ისგან გადარჩენის გაცილებით მაღალი შანსი აქვთ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რომელმაც შეიძლება ეს სხვაობა ახსნას, არის გერმანიაში გამოყენებული ტესტების უჩვეულოდ მაღალი რაოდენობა. რობერტ კოხის ინსტიტუტის პრეზიდენტის, ლოთარ ვილერის განცხადებით, გერმანიის ლაბორატორიები ყოველკვირეულად კორონავირუსის 160 000-ზე მეტ ტესტს ატარებენ, უფრო მეტს ვიდრე ევროპის გარკვეულმა ქვეყნებმა ერთად ჩაატარეს მას შემდეგ, რაც კრიზისი დაიწყო. როგორც ჩანს, სამაგალითოდ ქცეულ სამხრეთ კორეაშიც კი გერმანიაზე ნაკლები ტესტი ჩაატარეს.

„საქმე ეხება შესაძლებლობებს. გერმანიის შესაძლებლობები კი ძალიან, ძალიან დიდია. ჩვენ შეგვიძლია კვირაში 160 000-ზე მეტი ტესტის ჩატარება, რაც მომავალში შეიძლება გაიზარდოს კიდეც“, — უთხრა ჟურნალისტებს პროფესორმა ვილერმა. შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, იგეგმება ცხოველების ჯანმრთელობაზე ორიენტირებული ლაბორატორიების დროებით გადაკეთება კორონავირუსის შემოწმების სპეციალიზაციით.

სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში მაინც, მასობრივი ტესტირება სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებლის წინაპირობაა, რადგან ის შესაბამის უწყებებს COVID-19-ის გამოვლენას იმ პაციენტებშიც აძლევს, რომლებსაც სიმპტომები თითქმის არ აღენიშნებათ და რომლებსაც გადარჩენის უკეთესი შანსი აქვთ. ეს კი ასევე ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, გერმანიას დაუფიქსირებელ შემთხვევათა უფრო დაბალი მაჩვენებელი აქვს, ვიდრე იმ ქვეყნებს, სადაც ტესტირებას მცირე მასშტაბები აქვს. გერმანიაში კორონავირუსის ეპიდემიის კიდევ ერთი თვალშისაცემი მახასიათებელია შედარებით ახალგაზრდა პაციენტთა მაღალი ოდენობა. რობერტ კოხის უნივერსიტეტის მონაცემებით, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა 80 პროცენტზე მეტი 60 წელზე ნაკლები ასაკისაა.

„გერმანიაში ეპიდემიის დასაწყისში, ძალიან ბევრი შემთხვევა დაკავშირებული იყო სათხილამურო და მსგავს აქტივობათა კურორტებიან დაბრუნებულ ადამიანებში. როგორც წესი, ასეთ აქტივობებს ახალგაზრდები მისდევენ და მათი სიკვდილიანობის რისკი დაბალია“, — ამბობს ჰანოვერის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი მათიაშ შტოლი.

ჰაიდელბერგის საუნივერსიტეტო კლინიკის მედიცინის პროფესორი და ვირუსოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ჰანს-გეორგ კროისლიხი კი აღნიშნავს:

„უმეტეს შემთხვევაში, დაავადება მსუბუქია და ცოტა სიმპტომებით ხასიათდება. ჩვენი ვარაუდით, ასეთ მსუბუქ შემთხვევათა დაფიქსირება ქვეყნიდან ქვეყანაში ცვალებადია. სტატისტიკური თვალსაზრისით, ეს იწვევს სხვაობას ფატალურობის მაჩვენებლებს შორის“.

თუმცა, პროფესორი კროისლიხი გვაფრთხილებს, რომ უახლოეს კვირებში ან თვეებში გერმანიაში სურათი სავარაუდოდ შეიცვლება.

პროფესორის ეთანხმებიან სხვა გერმანელი ვირუსულოგები და ეპიდემიოლოგებიც. უმეტესი მათგანი სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას ვარაუდობს, მაგრამ იქვე შენიშნავენ, რომ გერმანიას ამ დროს იმის შანსი აქვს, რომ მოემზადოს დიდი ტალღისთვის — გაზარდოს საავადმყოფოების ტევადობა, გააძლიეროს სამედიცინო პერსონალი და ხელისუფლებამ შეიძინოს რაც შეიძლება ბევრი კრიტიკულად აუცილებელი აღჭურვილობა.

მართლაც, ფედერალურმა მთავრობამ გერმანულ მწარმოებელს უკვე შეუკვეთა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი 10 000 დამატებითი რესპირატორი, 25 000 კი მთელი ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოებში უკვე ადგილზეა.

მომზადებულია Financial Times-ის მიხედვით.