შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის კვლავ დაბრუნება პიკის შემდეგ
შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის კვლავ დაბრუნება პიკის შემდეგ

COVID-19-ის პანდემია ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სისტემებს გიგანტური ტალღის მსგავსად უტევს; ამასობაში ექსპერტები ცდილობენ გაარკვიონ, როდის მიაღწევს ის პიკს.

რა იქნება ამ „ცუნამის“ შემდეგ? პანდემიის ზოგადი ვარდნა და ნორმალურ ნიშნულზე დაბრუნება თუ რეგულარული რეციდივები?

ტალღა უკვე ჩაცხრა დაავადების გავრცელების საწყის ქვეყანაში. ბოლო დღეებში იქ ინფიცირების ახალი ადგილობრივი შემთხვევები აღარ ფიქსირდება.

თუმცა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფრანგი სპეციალისტი, ეპიდემიოლოგი ანტონი ფლაო სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაში იძიებს იმის შესაძლებლობებს, უნდა ველოდოთ თუ არა უარესს.

„დავესესხები ცუნამის მკვლევრებს და მათ ტერმინს გამოვიყენებ, იქნებ ჩინეთს ჯერ „მაცნე“ ტალღამ გადაუარა და დიდი ტალღა ჯერ გზაშია?“ — წერს ფლაო.

ეპიდემიების განვითარების კომპლექსურობის გასარკვევად, საჭიროა დავუბრუნდეთ პირველი მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოს, როდესაც ესპანური გრიპის ტალღებმა დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, უფრო მეტი, ვიდრე თავად ამ ომმა.

შემდეგ ვირუსი გაქრა.

კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ, მათემატიკოსებს თავსატეხს უჩენდა. 1920-იანი წლების ბოლოს, შოტლანდიელმა უილიამ ოგილვი კერმაკმა და ანდერსონ გრეი მაკკენდრიკმა შექმნეს მოდელები, რომლებიც გარკვეულ წარმოდგენას იძლეოდა ეპიდემიების დინამიკის შესახებ.

როგორც კერმაკმა და მაკკენდრიკმა აღმოაჩინეს, ეპიდემია იმის გამო კი არ დასრულებულა, რომ მან მოწყვლადი ადამიანები ამოწურა, არამედ იმიტომ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობის მატებამ მიგვაღწევინა ე. წ. კოლექტიური იმუნიტეტის ზღვრამდე.

„კოლექტიური იმუნიტეტი არის ვირუსის წინააღმდეგ იმუნიზებული ადამიანების (როგორც ინფექციის, ისე ვაქცინაციის მიერ) პროპორცია, რომლის მიღწევაც საჭიროა ვირუსის ხელახლა გამოცოცხლების რისკის შესაჩერებლად“, — ამბობს ანტონი ფლაო, ჟენევის უნივერსიტეტის გლობალური ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ეს პროპორცია დამოკიდებულია უნარზე, რომლითაც ის ინფიცირებულიდან ჯანმრთელ ადამიანს გადაეცემა.

რაც უფრო გადამდებია დაავადება, უფრო მაღალია იმუნიზებულ ადამიანთა რაოდენობა და ვირუსიც შედარებით მალე ჩერდება.

„COVID-19-ის შემთხვევაში, კოლექტიური იმუნიტეტის მისაღებად და პანდემიის მოსასპობად საჭიროა მოსახლეობის 50-66 პროცენტის ინფიცირება“, — ამბობს ფლაო.

თავად გადადების მაჩვენებელი ღია და ცვალებადია, შეესაბამება პრევენციისთვის მიღებულ ზომებს, მაგალითად, კარანტინს, შეკავებას და პოტენციურად ამინდსაც.

ფლაოს თქმით, თუ ინფიცირებული ადამიანი საშუალოდ ერთზე ნაკლებ ადამიანს აინფიცირებს, ეპიდემიაც სრულდება.

თუმცა, ეს შეიძლება იყოს არა ეპიდემიის დასრულება, არამედ უბრალოდ „შესვენება“, რაც ფლაოს თქმით ამჟამად ხდება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ეპიდემიის დროს მიღებული ჯანდაცვის ზომები მხოლოდ დროებითია, როდესაც ისინი მოიხსნება, ეპიდემია კვლავ ხელახლა იწყება, იქამდე, ვიდრე ის კოლექტიურ იმუნიტეტს მიაღწევს, ამას კი ზოგჯერ თვეები ან რამდენიმე წელი სჭირდება.

ვირუსის შესაძლო ხელახლა „აზვირთების“ შესაძლებლობაზე შიშობს პარიზის პიტი-სალპეტრიეს საავადმყოფოს ინფქციურ დაავადებათა მიმართულების ხელმძღვანელი, პროფესორი ფრანსუა ბრიკერიც.

„COVID-19-ის ხელახლა გამოჩენა შესაძლებელია სეზონური ინფექციის სახით“, — განუცხადა მან AFP-ს.

ინფექციურ დაავადებათა ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი მსოფლიოში, ავსტრალიელი შერონ ლევინი აცხადებს, რომ ჯერ არაფერი ვიცით, შესაძლებელია თუ არა ვირუსის ხელახლა დაბრუნება.

მისი თქმით, ასევე კორონავირუსული დაავადება SARS-ი, რომელიც 2002-2003 წლებში გავრცელდა, სრულიად გაქრა მკაცრი სოციალური დისტანცირების ზომების შემოღების შემდეგ.

თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სურათს ძირფესვიანად შეცვლის ვაქცინა, რომელზეც მეცნიერები ამჟამად რეკორდული სიჩქარით მუშაობენ და გვპირდებიან, რომ ის 12-18 თვეში უკვე მზად იქნება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.