სამყარო იმდენად უზარმაზარია, რომ შესაძლოა, ვერც ვერასოდეს შევხვდეთ სიცოცხლის სხვა ფორმებს, თუკი ასეთი საერთოდ არსებობს. მაგრამ თუ რომელიმე გალაქტიკური მეზობლის ყურადღების მიქცევა გვსურს, სავარაუდოდ, იმ ლაზერული ტექნოლოგიის გამოყენება მოგვიწევს, რომელიც უკვე გვაქვს.
ამჟამინდელი ლაზერების გამოყენება შესაძლებელია პლანეტური შუქურასავით გამოვიყენოთ იმ უცხოპლანეტელთათვის, რომლებიც შესაძლოა, ჩვენკენ იყურებოდნენ. ამის შესახებ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევრები იუწყებიან.
ამ შუქურას არამიწიერ ცივილიზაციათა ყურადღების მიქცევა 20 000 სინათლის წლის მანძილიდანაც კი შეუძლია.
ჯგუფის განცხადებით, ინფრაწითელი ლაზერით შესაძლებელია ელემენტარული შეტყობინების გაგზავნაც, მაგალითად მორზეს ანბანით, რათა უცხოებმა ჩვენი არსებობის შესახებ შეიტყონ.
მკვლევართა თქმით, ეს პროექტი ნამდვილი გამოწვევა იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი. დღევანდელ ლაზერებსა და ტელესკოპებს შეუძლიათ წარმოქმნან დაფიქსირებადი სიგნალი, ისეთი, რომ თუკი რომელიმე უცხოპლანეტელი ჩვენს ვარსკვლავს (მზეს) აკვირდება, აუცილებლად შენიშნავს რაღაც უჩვეულოს მის სპექტრში.
კვლევის ავტორები გვთავაზობენ 1-2 მეგავატიანი ლაზერის გამოყენებას, რომელიც 30-45 მეტრიანმა ტელესკოპმა უნდა გაასხივოს. ამ გზით წარმოიქმნება იმდენად ძლიერი ინფრაწითელი რადიაციის ნაკადი, რომ მისი გამორჩევა შესაძლებელი იქნება მზის მიერ გამომუშავებულ ენერგიაშიც. გამომდინარე აქედან, ასეთი სიგნალის შერჩევა არამიწიერმა ცივილიზაციამაც უნდა შეძლოს.
მკვლევართა თქმით, ყველაზე დიდი ალბათობით ჩვენს ასეთ სიგნალს პროქსიმა კენტავრის (მზის უახლოესი მეზობელი ვარსკვლავი) ან TRAPPIST-1-ის (პოტენციურად სიცოცხლისთვის ხელსაყრელი სისტემა ჩვენგან 40 სინათლის მანძილზე) სისტემებში მცხოვრები ასტრონომები დაიჭერენ.
ჯგუფი მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის გაკეთება შესაძლებელი იქნება დღეს არსებული ტექნოლოგიებით. მართალია, 30-მეტრიანი ტელესკოპი დედამიწაზე არ არსებობს, მაგრამ ჩილეში უკვე შენდება 39-მეტრიანი.
კოსმოსური შუქურა ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა უნდა აშენდეს, რათა შეამციროს ატმოსფეროს ზემოქმედება, თუმცა, შესაძლოა მან პრობლემები შეუქმნას კოსმოსურ ხომალდთა კამერებს.
გარდა ამისა, სახიფათო იქნება მისთვის შეხედვა შეუიარაღებელი თვალით.
ამ მცირე ძალისხმევით, შეგვეძლება დავეკონტაქტოთ არამიწიერ ცივილიზაციას, რომელიც თავის მხრივ, შეიძლება, ჩვენ გვეძებდეს.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, ჯეიმზ კლარკის თქმით, ამ ლაზერით შესაძლებელი იქნება წამში რამდენიმე ასეული ბიტი ინფორმაციის გადაცემაც.
თუკი უცხოპლანეტელთა თავდასხმისგან დაცვა გვსურს, ლაზერები ამ მხრივაც გამოსადეგია. 2016 წლის კვლევამ დაადასტურა, როგორ შეუძლია ლაზერულ აფეთქებებს დედამიწის შენიღბვა მხედველობის არეალიდან. საქმე ის არის, რომ ლაზერებით შესაძლებელია ისეთი ეფექტის წარმოქმნა, რომელიც გაანათებდა იმ ჩაბნელებას, რაც მზესთან ჩვენი პლანეტის ჩავლით არის გამოწვეული.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ასევე შეისწავლეს, შეუძლიათ თუ არა ჩვენს ინსტრუმენტებს პოტენციური სხვა ცივილიზაციების მიერ გამოგზავნილი მსგავსი ლაზერული ნაკადების დაფიქსირება. მათი დასკვნით, ამისათვის საკმარისი იქნება 1-მეტრიანი ტელესკოპიც კი, თუ ის პირდაპირ ამ ლაზერის წყაროსკენ იქნება მიმართული.
მიუხედავად ყველაფრისა, მსგავსი ლაზერული შუქურის გამოყენება ჯერ არ იგეგმება. თუმცა, თუ ეს ოდესმე მოგვინდა, უკვე ვიცით, როგორ მოვიქცეთ.
კვლევა The Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია mit.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.