მკვლევართა აზრით, არამიწიერი ცივილიზაციები გადასარჩენად შესაძლოა, ვარსკვლავებს იპარავენ
მკვლევართა აზრით, არამიწიერი ცივილიზაციები გადასარჩენად შესაძლოა, ვარსკვლავებს იპარავენ

ფერმის ეროვნული აქსელერატორის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი დენ ჰუპერი ახალ კვლევას აქვეყნებს. იგი მიმოიხილავს გზებს, რომლითაც მომავლის არამიწიერმა არსებებმა თავიანთ ცივილიზაცია უნდა შეინარჩუნონ სრულ იზოლაციაში, გაფართოებადი სამყაროს პირობებში. ჰუპერის აზრით, მათ შეიძლება, ვარსკვლავების შეგროვებისა და შენახვის გზას მიმართონ.

დაისონის სფერო თეორეტიკული სტრუქტურაა, რომელშიც შესაძლებელია ვარსკვლავის მოთავსება. ფრიმენ დაისონის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი სფერო უნდა ყოფილიყო თანამგზავრთა ჯგუფი, რომლებიც ვარსკვლავს მთლიანად ერტყმიან გარს და მის ენერგიას აგროვებენ. მის შემქმნელ ცივილიზაციას ამ ენერგიის გამოყენება ნებისმიერი მიზნით უნდა შეეძლოს. ახალ კვლევაში ჰუპერი ვარაუდობს, რომ არამიწიერმა ცივილიზაციებმა შეიძლება, მსგავსი სტრუქტურები მაშინ შექმნან, როცა სამყარო უაზროდ დიდ ზომებამდე გაფართოვდება.

არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ სამყარო არა მხოლოდ ფართოვდება, არამედ ბნელი ენერგიის წყალობით, გაფართოების სიჩქარეც მატულობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროში თითქმის ყველაფერი ერთმანეთს შორდება. ასეთი სცენარის მიხედვით, გალაქტიკები სულ უფრი იზოლირებული გახდება, მათი შემადგენელი კომპონენტების შეკვრას კი გრავიტაცია უზრუნველყოფს.

გამომდინარე აქედან, ჰუპერი დაინტერესდა, რა შეიძლება მოიმოქმედოს არამიწიერმა ცივილიზაციამ ენერგიის წყაროთი უზრუნველსაყოფად. მისი აზრით, მათ შესაძლოა, ვარსკვლავების შეგროვება შეეძლოთ და მზად იყვნენ იმ დროისთვის, როცა რომელიმე ვარსკვლავის დაპყრობა შეუძლებელი იქნება, რადგან მისგან უკვე ძალიან შორს იქნებიან.

ჰუპერი იქვე შენიშნავს, რომ ასეთი სცენარის განვითარება საკმაოდ შორეულ მომავალშია შესაძლებელი, დაახლოებით 100 მილიარდი წლის შემდეგ. მაგრამ იქვე აღნიშნავს, რომ როცა უცხო ცივილიზაციები ვარსკვლავების ერთი გალაქტიკიდან მეორეში გადატანას დაიწყებენ, ამ პროცესს შეიძლება მილიარდობით წელი დასჭირდეს. შესაბამისად, მათ ეს ახლავე უნდა დაიწყონ, რათა დრო არ დაკარგონ. იგი ასევე აცნობიერებს, რომ ადამიანები ადამიანები ალბათ ვერ გავარკვევთ ვარსკვლავთა გადატანის მექანიზმს, მაგრამ ფიქრობს, რომ მძლავრ არამიწიერ ცივილიზაციას ეს უნდა შეეძლოს.

ჰუპერი ასევე ვარაუდობს, რომ თუკი მსგავსი აქტივობა ახლა ხდება სადმე, ამის მტკიცებულების პოვნა ჩვენც შეგვიძლია, გალაქტიკათა შორის მოძრავი ვარსკვლავების ძებნის გზით. კიდევ ერთ მტკიცებულებად მას ისეთი ხვრელების პოვნა მიაჩნია, საიდანაც ვარსკვლავი უკვე ამოვარდნილი და წაღებულია.

მომზადებულია Phys.org-ის მიხედვით