როგორ იქცა დეინერის ტარგარიენი „გიჟ დედოფლად“
როგორ იქცა დეინერის ტარგარიენი „გიჟ დედოფლად“

გაფრთხილება: სტატია შეიცავს სპოილერებს!

როგორ იქცა დეინერის ტარგარიენი​ „გიჟ დედოფლად“ – ამ სათაურით აქვეყნებს ჟურნალი „ტაიმი“ სტატიას  „სამეფო კარის თამაშების“ ბოლო სერიაზე. სტატიის ავტორი ყურადღებას ამახვილებს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, დეინერის ტარგარიენი​ს გარდასახვაზე.

მე-8 სეზონის ბოლო სერიაში, მიუხედავად იმისა, რომ სერსეის არმიამ იარაღი დაყარა და დანებების ნიშნად ზარებიც დაირეკა, დრაკონების დედამ გადაწყვიტა, დაპირისპირებოდა არამხოლოდ სერსეი ლანისტერს, არამედ გადაეწვა მთელი ქალაქი და ცოცხლად დაეწვა უდანაშაულო ადამიანები.

Image result for game of thrones season 8 episode 5 gif

„ტაიმის“ სტატიის ავტორი პარალელს ავლებს დეინერისის მამასთან, ეირის მეორე ტარგარიენთან, იგივე „გიჟ მეფესთან“, რომლის მსგავსად, დეინერისსაც უდანაშაულო ადამიანების მკვლელის სახელი ექნება.  დრაკონების დედა მერვე სეზონის განმავლობაში ნელ-ნელა გადაიქცა მხსნელიდან უდანაშაულო ადამიანების მკვლელად. მისი ტრანსფორმაციით ფანებიც გაოცებული დარჩნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ სერიალის ბოლო ეპიზოდის დრამატურგიულმა ხაზმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა.

სტატიის ავტორი ქრონოლოგიურად იხსენებს, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რა უძღოდა წინ დეინერისის გარდასახვას. სტატიაში ყურადღება გამახვილებულია, რომ მე-8 სეზონში სანსა სტარკი ჯონ სნოუს გამუდმებით ეუბნებოდა, რომ დეინერისს არ ენდობოდა. ასევე აღსანიშნავია, რომ დეინერისზე ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ყველაზე ახლო მრჩევლების, სერ ჯორასა და მისანდეის დაღუპვამ, რის შემდეგაც დედოფალი ვესტეროსელებისგან თანდათან იზოლირებული გახდა. ამას თან დაემატა ჯონ სნოუს უარი რომანტიკულ ურთიერთობაზე და მათი საიდუმლოს გამჟღავნება, რამაც დრაკონების დედას საბოლოოდ აგრძნობინა თავი მარტოდ, მიტოვებულად და ღალატის მსხვერპლად. დეინერისის ეს მდგომარეობა შეუმჩნეველი არ დარჩენია ვარისს. ალბათ, ყურადღება მიაქციეთ, ბოლო სერიაში როგორ აფრთხილებს ვარისი ტირიონ ლანისტერს, რომ დეინერისის ფსიქიკური და ემოციური მდგომარეობა აშფოთებდა.

„ტაიმის“ სტატიის ავტორი იმასაც აღნიშნავს, რომ დეინერის ტარგარიენის​ უარყოფით, ბოროტ პერსონაჟად გადაქცევით სერიალის მთავარი ხაზი რეალობას გასცდა, რადგან დრაკონების დედას სერიალის არც ერთ სეზონში არ გამოუხატავს სურვილი, რომ უდანაშაულო ადამიანები დაეხოცა, თუმცა თავისი სისასტიკე და დაუნდობელი ხასიათი არაერთხელ გამოავლინა მტრების წინააღმდეგ. ის დასჯის იარაღად ნამდვილად იყენებდა დრაკონების ცეცხლს, თუმცა ვისაც სჯიდა, იყო ან ბოროტი პერსონაჟი ან მტერი. დეინერისმა ცეცხლით პირველად ჯადოქარი დასაჯა, რომელსაც სურდა, დაეპატიმრებინა დრაკონების დედა, ხოლო მისი დრაკონები მაგიისთვის გამოეყენებინა.

დეინერისმა სასტიკი ხასიათის გარდა, არაერთხელ გამოავლინა შემწყნარებლისა და განმათავისუფლებლის სულისკვეთება. შეგახსენებთ, „სამეფო კარის თამაშების“ პირველ სეზონში დეინერისი დოთრაკიელებს მოუწოდებდა, უდანაშაულო ადამიანების გაუპატიურება და ხოცვა შეეწყვიტათ. გარდა ამისა, სერიალის შემდგომ სეზონებში მან მონები გაათავისუფლა, ხოლო მონათა მფლობელები დასაჯა.

მიუხედავად იმისა, რომ დრაკონების დედა საერთო ჯამში დადებითი პერსონაჟის თვისებებს უფრო ხშირად ავლენდა და უსამართლოდ არავის სჯიდა, ამ პერსონაჟის ბუნება მთლიანად გარდაისახა ბოლო სეზონის მე-5 სერიაში. „ტაიმის“ ჟურნალისტის აზრით, დეინერის ტარგარიენი​ იმედგაცრუებული იყო, რომ მან ვესტეროსში საკუთარი თავი ვერ იპოვა და თავისი როლი ვერ დაინახა, რაშიც დიდწილად მისი მრჩევლები არიან დამნაშავეები. მაგალითად, ტირიონ ლანისტერმა დედოფალ დეინერისს ურჩია ჩრდილოეთის კედლისკენ გამგზავრება, რასაც კინაღამ ჯონ სნოუს სიკვდილი მოჰყვა, ხოლო დეინერისმა კიდევ ერთი დრაკონი დაკარგა. ამასთან, ტირიონმა დრაკონების დედას ურჩია, მინდობოდა სერსეის, როდესაც რეალურად ნდობის საფუძველი არ არსებობდა.

„ტაიმის“ სტატიის ავტორი ხაზს უსვამს, რომ ​დეინერის ტარგარიენი არის პერსონაჟი, რომლიც რვა სეზონის განმავლობაში ნელ-ნელა განიცდიდა ევოლუციას და საბოლოოდ, სამართლის მცველიდან გარდაიქმნა მმართველად, რომელიც ცოცხლად წვავს შეუიარაღებელ ადამიანებს, ქალებსა და ბავშვებს.

დრაკონების დედის ამ მეტამორფოზით „სამეფო კარის თამაშების“ ფანები უკმაყოფილოები არიან, მე-8 სეზონის ბოლო სერიამ ძალიან კრიტიკული შეფასებები მიიღო. სოციალურ ქსელებში გამოთქმული მოსაზრებების გარდა, ამას ადასტურებს IMDB-ზე ბოლო სერიის დაბალი რეიტინგი და ყველაზე ცნობილი მემე ბოლო სეზონის შესახებ.

 

წყარო: ჟურნალი „ტაიმი“