როგორ გვპოულობენ კოღოები ყოველთვის — ახალმა კვლევამ ზედმეტად უცნაურ მიზეზს მიაგნო #1tvმეცნიერება
უმოწყალო სიზუსტე, რომლითაც კოღოს სახეობები ადამიანებზე ნადირობენ, შეიძლება მათი უცნაური ყნოსვის სისტემის შედეგი იყოს, რომელსაც თანდაყოლილი სარეზერვო სისტემა აქვს ადამიანის სუნის აღმოსაჩენად.
საცეცებსა და მაქსილურ ულვაშებში, ანუ მწერის ერთობლივ მგრძნობელობით წანაზარდში არსებული უნიკალური ქემორეცეპტორების გამოყენებით, კოღოებს ადამიანის მიერ გამოყოფილი CO2-ის და ოფლის შეგრძნება შეუძლიათ.
ბოსტონის უნივერსიტეტისა და როკფელერის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ჩატარებული ახალი კვლევა განმარტავს, რატომ გვგრძნობენ კოღოები ასე კარგად, მაშინაც კი, როცა მკვლევრებმა გენეტიკურად გაუთიშეს ადამიანის შესაგრძნობად საჭირო ქემორეცეპტორები.
კვლევის მიხედვით, კოღოს სულ მცირე ერთ სახეობა, Aedes aegypti-ს, ყველა სხვა ცხოველისგან განსხვავებული გზით ახდენს საკუთარი ყნოსვითი სისტემის ორგანიზებას.
გენების რედაქტირების ხელსაწყო CRISPR-ის გამოყენებით, მკვლევრებმა გამოიყვანეს კოღოები, რომელთა ყნოსვით ნეირონებს ახლომახლოს სუნის არსებობის შემთხვევაში, მიკროსკოპის ქვეშ უნდა გამოეყოთ მანათობელი ცილები და ნათება. შედეგად, მკვლევრებმა შეძლეს ენახათ, როგორ ასტიმულირებდა სხვადასხვა სუნი ყნოსვის სისტემას.
როგორც ჩანს, A. aegypti ყნოსვის შეგრძნების რამდენიმე რეცეპტორს ერთ ნეირონს უერთებს, პროცესით, რომელსაც კოექსპრესია ეწოდება.
ჯგუფის განცხადებით, ეს თავდაყირა აყენებს ყნოსვის მეცნიერების ძირითად პრინციპს, რომლის მიხედვითაც, თითოეული ნეირონს მასთან დაკავშირებული მხოლოდ ერთი რეცეპტორი აქვს.
„შოკისმომგვრელად უცნაურია. საერთოდ არ ველოდით. ყნოსვის ცენტრალური დოგმა ისაა, თითოეული ყნოსვის ნეირონი (ჩვენს შემთხვევაში ცხვირში) დაკავშირებულია მხოლოდ ერთი ტიპის ყნოსვის რეცეპტორთან“, — ამბობს ბოსტონის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი, კვლევის ავტორი მეგ იანგერი.
ეს აქსიომა ეხება თაფლის ფუტკრებს (Apis mellifera), თამბაქოს სფინქსისებრ ჭიებს (Manduca sexta) და ხილის ბუზებს (Drosophila melanogaster), რომლებსაც ერთნაირი რაოდენიბოთ აქვთ ქემოსენსორული რეცეპტორები და ყნოსვის გორგლურები (სფერული სტრუქტურები თავის ტვინში, რომლებიც ყნოსვით სიგნალებს იღებენ).
თუმცა, A. aegypti-ში სულ მცირე იმაზე ორჯერ მეტი რეცეპტორია, ვიდრე გორგლურა; მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ „განსაცვიფრებელი შეუსაბამობა“.
შედეგები მიუთითებს ყნოსვის არატრადიციული სისტემაზე, რომელშიც მრავალი მგრძნობელობითი რეცეპტორი ერთ ინდივიდუალურ ნეირონთან არის მიერთებული.
„ზედმეტობა, რასაც ყნოსვის ეს სისტემა იძლევა, შეიძლება კოღოების ყნოსვის სისტემის სიმტკიცეს ზრდიდეს და ახსნას, რატომ ვცდილობთ ამაოდ კოღოებისგან დამალვას“, — წერენ მკვლევრები.
სისხლიანი სადილის სურვილი ზედმეტად ძლიერია; მდედრ კოღოებს გამრავლებისათვის აუცილებლად ესაჭიროებათ ადამიანის ან ცხოველის სისხლით კვება.
ამ კვლევის გრძელვადიანი მიზანია გაუმჯობესებული კოღოს მოსაგერიებლების შექმნა, რომლებიც ეფექტიანად დაფარავს ადამიანის სუნს; ანდაც, შექმნან ისეთი მისაზიდები, რომლებიც კოღოებს თავგზას აუბნევს.
ადამიანების მიგნების საოცარი უნარის გამო, კოღოები მრავალ ვირუსულ დაავადებას ავრცელებენ. მათ შორის არის დენგე, ზიკა, მალარია, ყვითელი ცხელება და ჩიკუნგუნია. ჯამში, ეს ვირუსები წელიწადში დაახლოებით 700 000 ადამიანს კლავს.
კვლევა ჟურნალ Cell-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bu.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.