აშშ-ში გენმოდიფიცირებული კოღოები ბუნებაში პირველად გაუშვეს — #1tvმეცნიერება
აშშ-ში გენმოდიფიცირებული კოღოები ბუნებაში პირველად გაუშვეს — #1tvმეცნიერება

ბიოტექნოლოგიურმა კომპანია Oxitec-მა მის მიერ გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოები ფლორიდის პატარა კუნძულებზე გაუშვა. მათი მიზანი ამ რეგიონში ბინადარი დაავადებების გადამტანი კოღოების პოპულაციების შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ გენმოდიფიცირებული კოღოები აშშ-ში ბუნებაში პირველად გაუშვეს.

Oxitec-ს კოღოს სახეობა Aedes aegypti-ის გენმოდიფიცირებული ვარიანტები აქამდე გაშვებული ჰყავს ბრაზილიაში, კაიმანის კუნძულებზე, პანამასა და მალაიზიაში. კომპანიის ცნობით, ამ ქმედების შემდეგ, ამ ადგილებში A. aegypti-ის ადგილობრივი პოპულაციები სულ მცირე 90 პროცენტით შემცირდა.

A. aegypti-ს გადააქვს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ზიკა, დენგეს ცხელება, ჩიკუნგუნია და ყვითელი ცხელება. მოდიფიცირებული კოღოების ბუნებაში გაშვება ამ მწერების პოპულაციის პესტიციდების გარეშე კონტროლის გზას წარმოადგენს.

Oxitec-ის მიერ გენმოდიფიცირებული კოღოები ყველა მამრია და ისე არიან შეცვლილი, რომ ატარებენ სასიკვდილო გენს; როდესაც ასეთი მამრი ველურ მდედრ კოღოსთან შეჯვარდება, სასიკვდილო გენი მათ შთამომავლებსაც გადაეცემა.

მართალია, ეს გენი მამრებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ მდედრებში წარმოქმნის ისეთ ცილას, რომელიც მათ იქამდე კლავს, ვიდრე მომწიფების ასაკში შევლენ.

ცნობილია, რომ ადამიანებს მხოლოდ მდედრი კოღოები კბენენ (მამრები ნექტრით იკვებებიან); შესაბამისად, მოდიფიცირებულ კოღოებსა და მათ მამრ შთამომავლებს ადამიანებისთვის რაიმე დაავადების გადაცემა არ შეუძლიათ.

კოღოს სახეობა A. aegypti მარჯნის კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგის, ფლორიდა-კისის კოღოების პოპულაციის მხოლოდ ოთხ პროცენტს შეადგენს, მაგრამ სწორედ მათზე მოდის ამ ზონაში ადამიანებში გავრცელებული კოღოს წარმომავლობის დაავადებათა უმეტესობა.

არქიპელაგის მწერების კონტროლის საბჭო პესტიციდებით კონტროლზე წელიწადში მილიონ დოლარს ხარჯავს.

საბჭოს დასკვნით, ასობით მილიონი გენმოდიფიცირებული კოღოს გაშვება შეიძლება უფრო იაფი და ეფექტიანი საშუალება იყოს, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომ კოღოების პოპულაცია დროთა განმავლობაში პესტიციდებისადმი რეზისტენტული გახდა.

საბჭო კომპანია Oxitec-თან 2010 წლიდან თანამშრომლობს. მარეგულირებელთა მხრიდან ათი წლის განმავლობაში მიმდინარე შეფასებების შემდეგ, საბჭომაც და აშშ-ის გარემოს დაცვის სააგენტომაც (EPA), საბოლოოდ დაამტკიცა გეგმა ამ კუნძულებზე გენეტიკურად მოდიფიცირებული კოღოების გაშვების შესახებ.

აპრილის ბოლოს, კომპანიამ სამი კუნძულის ექვს სხვადასხვა ადგილზე კოღოს კვერცხებით სავსე ყუთები განათავსა. მომდევნო 12 კვირის განმავლობაში, იქ 12 000 მამრი კოღო გამოიჩეკება.

ეს საცდელი ფაზა იქნება, რომლის ფარგლებშიც მონაცემებს შეაგროვებენ და წლის ბოლოს, უკვე მეორე ფაზა დაიწყება დაახლოებით 20 მილიონი კოღოს გაშვებით.

კომპანია დააკვირდება, რამდენად შორს გადაადგილდებიან კოღოები, რამდენ ხანს ცოცხლობენ, იღებენ თუ არა მდედრები სასიკვდილო გენს და მართლაც კვდებიან თუ არა ამის გამო. დაკვირვებათა გაადვილებისათვის, Oxitec-მა შეიმუშავა გენი, რომელიც კოღოებს სინათლის გარკვეული ფერის ქვეშ კაშკაშად აჩენს.

ცდის დაწყებას ძლიერი წინააღმდეგობა მოჰყვა ფლორიდა-კისის მოსახლეობის მცირე ნაწილისა და გარემოსდაცვითი ორგანიზაციების მხრიდან.

ვანდალიზმის თავიდან ასაცილებლად, Oxitec-მა კვერცხების ყუთები კერძო საკუთრებაში განათავსა და მათი ზუსტი ადგილმდებარეობა გაასაიდუმლოვა.

არსებობს კითხვები იმის შესახებ, ექნებათ თუ არა გენმოდიფიცირებულ კოღოებს უნებლიე ეფექტები ადგილობრივ კოღოებზე, ცხოველებზე ან ეკოსისტემაზე.

მაგალითად, მას შემდეგ რაც Oxitec-მა გენმოდიფიცირებული კოღოები ბრაზილიის რეგიონ ჟაკობინაში გაუშვა, ადგილობრივი კოღოების პოპულაციებში უცხო გენები გამოჩნდა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ სასიკვდილო გენს ზოგიერთი მდედრი კოღო გადაურჩა და შთამომავლობაც დატოვა.

მათი ჰიბრიდი შთამომავლები სასიკვდილო გენს არ ატარებენ, მაგრამ აქვთ კუბური და მექსიკური კოღოების გენები, რომლებიც გენმოდიფიცირებული კოღოების შესაქმნელად გამოიყენეს.

უცნობია, შეცვლის თუ არა და როგორ ეს ახალი გენები კოღოების ბიოლოგიას.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.