მალარიის ახალმა ვაქცინამ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა და მომაკვდინებელი დაავადება შეიძლება საბოლოოდ დაასრულოს — #1tvმეცნიერება
მალარიის ახალმა ვაქცინამ მაღალი ეფექტიანობა აჩვენა და მომაკვდინებელი დაავადება შეიძლება საბოლოოდ დაასრულოს — #1tvმეცნიერება

მალარიის ახალმა ვაქცინამ ჩვილ ბავშვებში 77-პროცენტიანი ეფექტი აჩვენა, რაც შეიძლება გადამწყვეტი მომენტი აღმოჩნდეს კოღოების მიერ გავრცელებულ ამ მომაკვდინებელ დაავადებასთან ბრძოლაში.

ბურკინა-ფასოში ჩატარებულ კლინიკურ ცდებში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის მიერ შექმნილმა ვაქცინამ, სახელად Matrix-M, 2019 წელს აცრილ 450 ჩვილ ბავშვში, ერთი წლის შემდეგ 77-პროცენტიანი ეფექტიანობა აჩვენა. ამის შესახებ ოქსფორდის უნივერსიტეტი იუწყება.

არ დაიფქსირებულა რაიმე სერიოზული გვერდითი მოვლენები.

ეს გახლავთ მალარიის პირველი კანდიდატი ვაქცინა, რომელმაც შეიძლება გადააჭარბოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მიზანს, რომლის მიხედვითაც, მკვლევრებმა 2030 წლამდე 75-პროცენტიანი ეფექტის მქონე ვაქცინა უნდა შექმნან.

ინდოეთის სისხლის შრატის ინსტიტუტთან და ამერიკულ ფარმაცევტულ კომპანია Novavax-თან თანამშრომლობით, აფრიკის ქვეყნებში ამჟამად მიმდინარეობს უფრო ვრცელი, კლინიკური ცდების მესამე ფაზა, რომელშიც 4800 ბავშვი მონაწილეობს.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ჯენერის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ადრიან ჰილი აცხადებს, რომ ასეთი შედეგებით მალარიის წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში „დიდი დღე“ დადგა; სწორედ ჯენერის ინსტიტუტმა შექმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაც, რომელსაც ბრიტანულ-შვედური ფარმაცევტული გიგანტი AstraZeneca აწარმოებს და ავრცელებს.

„საჭიროა ასე გავაგრძელოთ, არ დავკარგოთ მიმართულება, თავიდან ავიცილოთ უსაფრთხოების ყოველგვარი ხარვეზი, მაგრამ ვფიქრობ, ბედი ახლა ჩვენს მხარეს არის და ამის მიღწევა შეგვიძლია“, — ამბობს ჰილი.

როგორც ის ასევე აღნიშნავს, COVID-19-ის ვაქცინა საკმაოდ სწრაფად შეიქმნა, მაშინ, როდესაც მალარიის ვაქცინის პირველი ცდები 1940-იან წლებში დაიწყო.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, მალარია წელიწადში მსოფლიო მასშტაბით 400 000 ადამიანს კლავს და ამ დაავადების ამოძირკვა ყველა ქვეყნისთვსის მნიშნელოვანი მიზანია.

ამ საქმეში კი საკვანძო სწორედ ვაქცინაა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, რომ ოქსფორდის ცდის შედეგები „საეტაპო მიღწევაა“.

„მალარია წელიწადში ასობით ათას ბავშვს კლავს. ეფექტიან ვაქცინას ამ გლობალური ტრაგედიის დასრულება შეუძლია“, — დაწერა ჯონსონმა „ტვიტერზე“.

პროფესორ ჰილის განცხადებით, შარშან აფრიკაში მალარიამ სულ მცირე ოთხჯერ მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ვიდრე COVID-19-მა.

„ამ მომენტისთვის არავინ კითხულობს, მიიღეს თუ არა აფრიკაში კოვიდის ვაქცინები საგანგებო გამოყენებისთვის — რა თქმა უნდა, მიიღეს. შესაბამისად, რატომ არ უნდა გამოიყენონ აფრიკაში გადაუდებელი გამოყენებისთვის იმ დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფრო მეტად ბავშვებს კლავს, ვიდრე ზრდასრულებს, თანაც გაცილებით მეტს?“, — ამბობს ჰილი.

ინდოეთის სისხლის შრატის ინსტიტუტი პირობას დებს, რომ წელიწადში ვაქცინის 200 მილიონ დოზას დაამზადებს; ჰილის განცხადებით, ავტორიზაციის შემთხვევაში, Matrix-M-ს აქვს პოტენციალი, რომ საზოგადოებრივ ჯანდაცვას უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინოს.

რანდომიზებულ ცდაში ვაქცინა 5-17 თვის 450 ბავშვს მისცეს. საკონტროლო ჯგუფს კი მის ნაცვლად ცოფის ვაქცინა გაუკეთეს.

ერთი წლის შემდეგ, ბავშვებს ვაქცინის მეორე, გამაძლიერებელი დოზაც მისცეს.

ბურკინა-ფასოს ჯანდაცვის მინისტრის, პროფესორ შარლემან უედრაოგოს განცხადებით, მალარია აფრიკაში ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

„მხარს ვუჭერთ ბურკინა-ფასოში სხვადასხვა ვაქცინების კანდიდატების ცდების ჩატარებას; ახალი მონაცემები გვიჩვენებს, რომ მალარიის ამ ძალიან ეფექტიანი ვაქცინის ლიცენზირება შეიძლება უახლოეს წლებში მოხდეს და ის უკიდურესად მნიშვნელოვანი ახალი ხელსაწყო იქნება მალარიის კონტროლისა და მრავალი სიცოცხლის გადასარჩენად“, — ამბობს უედრაოგო.

კლინიკური ცდების შედეგები ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი