როგორ ააგეს ძველეგვიპტელებმა პირამიდები — ისტორიის უდიდესი საიდუმლო შესაძლოა, საბოლოოდ ამოიხსნა #1tvმეცნიერება
მეცნიერებმა ეგვიპტეში აღმოაჩინეს მდინარე ნილოსის დიდი ხნის წინ დამარხული ტოტი, რომელიც ერთ დროს, 30-ზე მეტი პირამიდის გასწვრივ მიედინებოდა. ამით პოტენციურად ამოიხსნა საიდუმლო იმისა, თუ როგორ გადაჰქონდათ ძველეგვიპტელებს ქვის მასიური ბლოკები სახელგანთქმულ მონუმენტთა ასაგებად.
ახალი კვლევის მიხედვით, მდინარის 64 კმ სიგრძის ტოტი, რომელიც სახელგანთქმულ გიზის პირამიდების კომპლექსთანაც გაედინებოდა, უკვე ათასწლეულებია, უდაბნოს ქვიშის ქვეშაა ჩაფლული.
მდინარის არსებობამ უნდა ახსნას, რატომ არის აგებული 31 პირამიდა ერთ ხაზზე, ძვ. წ. 4700 – 3700 წლის წინ, მდინარე ნილოსის ხეობაში, ამჟამად არასტუმართმოყვარე უდაბნოს ზოლზე.
ეს ზოლი ძველი ეგვიპტის დედაქალაქ მემფისის სიახლოვეს მდებარეობს და მოიცავს გიზის პირამიდას (ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთადერთ გადარჩენილ ნაშთს), ხეფრენის, ხეოფსისა და მენკაურას პირამიდებს.
უკვე დიდი ხანია, არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ძველეგვიპტელები ახლომდებარე სამდინარო არხებს იყენებდნენ პირამიდების ასაშენებლად საჭირო გიგანტური მასალების ტრანსპორტირებისთვის.
„თუმცა, არავინ იყო დარწმუნებული ამ მეგა-არხის მდებარეობაში, ფორმაში, ზომასა და პირამიდებთან სიახლოვეში“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჩრდილოეთ კაროლინა-ვილმინგტონის უნივერსიტეტი მკვლევარი ემან გონაიმი.
მკლევართა საერთაშორისო ჯგუფმა თანამგზავრული რადარული ვიზუალიზაციით მოახერხა მდინარის ტოტის, სახელად აჰრამატის (არბულად „პირამიდები“) რუკაზე დატანა.
გონაიმის განცხადებით, რადარმა მათ ქვიშის ზედაპირში შეღწევისა და იქ დამალული წარმონაქმნების, მათ შორის ჩამარხული მდინარეებისა და უძველესი სტრუქტურების დანახვის საშუალება მისცა.
ახალი კვლევის თანახმად, ძეგლზე აღებული დანალექები იქ მდინარის არსებობას ადასტურებს.
მეცნიერთა ვარაუდით, დაახლოებით 4200 წლის წინ, ერთ დროს ძლიერმა მდინარემ სასტიკი გვალვის გამო ქვიშით დაფარვა დაიწყო.
გიზის პირამიდები მდინარე ნილოსისგან დაახლოებით კილომეტრით დაშორებულ პლატოზეა აღმართული.
მრავალ პირამიდას „საცერემონიო ამაღლებული ბილიკი“ ჰქონდა, რომელიც მდინარის გასწვრივ გაედინებოდა და ტაძრების ხეობაში მთავრდებოდა.
გონაიმის განცხადებით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მდინარე საკვანძო როლს ასრულებდა პირამიდების უზარმაზარი საშენი მასალებისა და სამუშაო ძალის ტრანსპორტირებაში.
ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს საიდუმლოდ რჩება, ზუსტად როგორ ააშენეს ძველეგვიპტელებმა ამხელა სტრუქტურები, რომლებმაც ამდენ დროს გაუძლო.
კვლევის თანაავტორის, აშშ-ის მემფისის უნივერსიტეტის მკვლევრის, სუზან ონსტინის განცხადებით, ეს მძიმე მასალები, რომელთა უმეტესობაც სამხრეთიდან იყო მოტანილი, გაცილებით ადვილად გადასატანი იქნებოდა მდინარით, ვიდრე ხმელეთით.
მისი ვარაუდით, მდინარის ნაპირები იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ფარაონის გარემოცვას იღებდნენ, იქამდე, ვიდრე ფარაონთა სხეულებს პირამიდაში, სამუდამო განსასვენებელში მოათავსებდნენ.
მდინარემ ასევე უნდა ახსნას ისიც, რატომ არის აგებული პირამიდები სხვადასხვა ადგილებში.
„მდინარის კალაპოტი და დონე დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შესაბამისად, მეოთხე დინასტიის ფარაონებს მე-12 დინასტიის ფარაონებისგან განსხვავებული არჩევანი უნდა გაეკეთებინათ. აღმოჩენა კიდევ ერთხელ მახსენებს იმ ინტიმურ კავშირს, რაც გეოგრაფიას, კლიმატს, გარემოსა და ადამიანთა ქცევას შორის არსებობს“, — ამბობს სუზან ონსტინი.
კვლევა Communications Earth & Environment-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.