ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის საიდუმლო შეიძლება ამოხსნას ლანდშაფტმა, რომელიც დღეს აღარ არსებობს — #1tvმეცნიერება
ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის საიდუმლო შეიძლება ამოხსნას ლანდშაფტმა, რომელიც დღეს აღარ არსებობს — #1tvმეცნიერება

როდესაც გიზის სახელგანთქმულ პირამიდებს უყურებთ, ქვიშითა და ვრცელი აგლომერაციით გარშემორტყმულ უძრავ, შეუღწეველ ციხესიმაგრეებს, ძნელია წარმოიდგინო ის ეპოქა, როცა ისინი ააშენეს.

ქვის ეს ლაბირინთები დაახლოებით 4500 წლის წინ, თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე, საოცარი სიზუსტით, მიცვალებულთა პატივსაცემად, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში გადასასვლელად ააშენეს.

ქვის მძიმე ბლოკების გადასატანად, ეგვიპტელებს გაცილებით მეტი რამ სჭირდებოდათ, ვიდრე პრიმიტიული პანდუსები.

ახალი კვლევის მიხედვით, გიზის პირამიდების მშენებლობა ხელსაყრელმა გარემო პირობებმა გახადა შესაძლებელი — მდინარე ნილოსის უძველესი მკლავი საწყლოსნო ტრანსპორტისთვის სანავიგაციო არხის ფუნქციას ასრულებდა.

„როგორც ახლა ჩანს, პლატოს პირამიდების, სამარხებისა და ტაძრების გასაშენებლად, ძველეგვიპტელი ინჟინრები მდინარე ნილოსისა და მისი წლიური დატბორვების უპირატესობას იყენებდნენ, არხებისა და აუზების გამჭრიახ სისტემას, რომელიც გიზის პლატოს ძირში პორტის კომპლექსს წარმოქმნიდა. თუმცა, გარემოში მწირია მტკიცებულებები იმისა, როდის, სად და როგორ წარმოიქმნა ეს უძველესი ლანდშაფტი“, — წერს პუბლიკაციაში საფრანგეთის ექს-მარსელის უნივერსიტეტის გეოგრაფი ჰადერ შეიშა.

ერთი პერიოდი არქეოლოგები ფიქრობდნენ, რომ ეგვიპტელ პირამიდის მშენებლებს შეიძლება ნილოსიდან გამოჰყავდათ არხები, რათა ნავსაყუდელები შეექმნათ; ამისათვის კი დამოკიდებული იყვნენ სეზონურ წყალდიდობებზე, რასაც ერთგვარი ჰიდრავლიკური ლიფტის როლი უნდა შეესრულებინა სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისთვის.

პორტის კომპლექსი, რომელიც არქეოლოგთა აზრით ემსახურებოდა ხეოფსის, ხეფრენისა და მენკაურეს პირამიდებს, ამჟამად მდებარეობს თანამედროვე მდინარე ნილოსიდან შვიდი კილომეტრით დასავლეთით. საკმარისად ღრმა უნდა ყოფილიყო შესასვლელებიც, რათა უზრუნველეყო ქვებით დატვირთული ბარჟების გავლა.

თანამედროვე გიზის ტერიტორიაზე ურბანული საინჟინრო სამუშაოებისას გაბურღვის შედეგად აღებული ნიმუშები გვთავაზობს ქანების შრეების სტრატიგრაფიულ მტკიცებულებას, რაც შესაბამისობაშია ნილოსის უძველეს ტოტთან, რომელიც პირამიდების საძირკვლამდე მოდიოდა.

მაგრამ ჩნდება კითხვები იმის შესახებ, როგორ მიიყვანეს ეგვიპტელებმა წყალი გიზის პირამიდებამდე. მათი მშენებლობის პერიოდში, ჩრდილოეთ ეგვიპტე განიცდიდა უკიდურეს კლიმატურ ცვლილებებს, წყალდიდობები გამუდმებით უტევდა „პირამიდების დაკარგულ ქალაქს“, ჰეიტ-ელ-ღურაბს, რომელშიც სეზონური მუშები ცხოვრობდნენ.

ახალ კვლევაში, მეცნიერებმა განმარხებულ ყვავილის მტვრის მარცვლებს მიმართეს, რათა იმ პერიოდის მდინარის სისტემის უფრო დეტალური სურათი მიეღოთ. ყვავილის მტვრის მარცვლები შეიძლება შემოინახოს უძველეს დანალექებში და სხვა კვლევებში ის უკვე გამოიყენეს წარსულის კლიმატისა და მცენარეული საფარის რეკონსტრუქციისთვის; აღმოჩნდა, რომ მაშინდელი ლანდშაფტი დღევანდელისგან ძლიერ განსხვავდებოდა.

თანამედროვე გიზიდან, პირამიდების კომპლექსის აღმოსავლეთით არსებული ჭალიდან, ხუთ გაბურღულ ნიმუშში არსებული ყვავილის მტვრის მარცვლებში მკვლევრებმა გამოავლინეს საკმაოდ უხვი, ბალახის მსგავსი მოყვავილე მცენარეები, რომლებიც მდინარე ნილოსის ნაპირებს მიუყვება; ასევე აღმოჩნდა ჭაობის მცენარეები, რომლებიც ტბის ნაპირების მსგავს გარემოში იზრდება.

მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი ცხადყოფს მუდმივი წყალსატევის არსებობაზე, რომელიც გიზის ჭალაში იყო შეჭრილი და ათასობით წლის წინ იდგა.

უკვე იქიდან, დააკვირდნენ მდინარის წყლის დონის აწევა-დაწევას მდინარე ნილოსის ხეოფსის ტოტში, ეგვიპტის დინასტიური ისტორიის მთელი 8000 წლის მანძილზე; შედეგები უკავშირდებოდა სხვა ისტორიულ ჩანაწერებსაც.

„ხეოფსის ტოტის დონს ჩვენეული რეკონსტრუქცია აუმჯობესებს წარმოდგენას გიზის პირამიდების კომპლექსის მშენებლობისას მდინარის ლანდშაფტების შესახებ“, — წერენ მკვლევრები.

მათი განცხადებით, ხეოფსის ტოტში წყლის მაღალი დონე იყო თავად ხეოფსის, ხეფრენისა და მენკაურეს ზეობის დროს, რაც გიზის პირამიდების კომპლექსის მშენებლობისთვის საჭირო მასალების ტრანსპორტირებას აადვილებდა.

თუმცა, ფარაონ ტუტანხამონის მეფობის შემდეგ, რომელიც ძვ. წ. დაახლოებით 1349-1338 წლებში ზეობდა, ნილოსის ხეოფსის ტოტი თანდათან შემცირდა და ყველაზე დაბალ, დოკუმენტირებულ დონეს დინასტიური პერიოდის ბოლოს მიაღწია.

დონის ასეთი კლება შეესაბამება ეგვიპტური მუმიების კბილებსა და ძვლებში არსებულ ქიმიურ მარკერებსა და სხვა ისტორიულ ჩანაწერებს, რომლებიც ასევე მიუთითებს მშრალ გარემოზე.

თუმცა, ყველა სხვა არქეოლოგიური კვლევის მსგავსად, ქრონოლოგიური დიაპაზონები — ფარაონთა ზეობები და გარემოს ცვლილებები — შეიძლება ძლიერ ცვალებადი იყოს, შესაბამისად, ამ კვლევის შედეგებს სკეპტიკურად უნდა შევხედოთ.

მიუხედავად ამისა, გარემოსა და ისტორიული მონაცემების ერთმანეთთან დაკავშირებით, ეს კვლევა საკმაოდ ბევრ პირდაპირ მტკიცებულებას გვაძლევს, რათა დავასკვნათ, რომ ძველეგვიპტელებმა გიზის სამხრეთით, დაშურის პირამიდების მშენებლობისათვისაც შეიძლება გათხარეს მდინარის არხები.

ახალი კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ ასეთივე მეთოდის გამოყენებით შეიძლება აღვადგინოთ უძველესი წყლის არხები სხვა პირამიდებთანაც, რომლებსაც მათ მშენებლობაში იყენებდნენ.

კვლევა ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.