აღმოჩენილია პრიმიტიული იარუსი, რომელსაც ეგვიპტის პირამიდების მშენებლობაში იყენებდნენ
აღმოჩენილია პრიმიტიული იარუსი, რომელსაც ეგვიპტის პირამიდების მშენებლობაში იყენებდნენ

ეგვიპტის პირამიდები ნამდვილი არქიტექტურული სასწაულია. ზოგიერთი მათგანი 2,3 ტონიანი ქვის ბლოკებით არის აგებული. გარკვეულწილად საიდუმლოდ რჩება, როგორ მოახერხეს მათი აშენება ძველმა ეგვიპტელებმა ათასობით წლის წინ.

თუმცა, ახალმა არქეოლოგიურმა აღმოჩენამ შესაძლოა, გარკვეული სინათლე მოჰფინოს, თუ როგორ გადააადგილებდნენ ეგვიპტელები ქვის უზარმაზარ ბლოკებს.

თანამედროვე ქალაქ ლუქსორის ჩრდილოეთით, ჰანტუბის ალებასტრის კარიერში აღმოაჩინეს 4500 წლის წინანდელი იარუსი, რომელსაც სავარაუდოდ, მაღაროდან მშენებლობაზე ქვების გადასატანად იყენებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ პირამიდების ძირითადი სამშენებლო მასალა კირქვა იყო, იატაკის, ქანდაკებებისა და კუბოების მოსაპირკეთებლად გარკვეული ოდენობის ალებასტრსაც იყენებდნენ. მაგრამ ფარაონ ხეოფსის დროინდელი სისტემა, რომელსაც კარიერიდან ალებასტრის გამოსატანად იყენებდნენ, როგორც ჩანს, სხვა კარიერებშიც გამოიყენებოდა.

ეგვიპტის სიძველეთა სამინისტროს გენერალური მდივნის, მუსტაფა ვაზირის განცხადებით, აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან წარმოადგენს პირველ მტკიცებულებას, რომელიც გვიჩვენებს, როგორ ამოჰქონდათ კარიერებიდან მძიმე ბლოკები.

მართალია, ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული, როგორ აჰქონდათ პირამიდის გვერდებზე ქვიშაქვის მძიმე ბლოკები, მაგრამ შესაძლოა, ზუსტი პასუხი იარუსის ამ სისტემამ გაგვცეს.

არქეოლოგ იანის გურდონის განცხადებით, გადასაადგილებელი სისტემა შედგება ცენტრალური იარუსისა და გარშემორტყმული კიბეების ორი წყებით, რომლებიც შეიცავდა ბოძისებრ ხვრელებს. ეს ხვრელები უნდა სჭეროდა ხის ძლიერ ბოძებს. ალებასტრის ბლოკებს სავარაუდოდ ხის მარხილებზე აწყობდნენ და ბოძების ირგვლივ შემოხვეული თოკების სისტემა საბურავის მსგავსად მოქმედებდა, რათა გაეძლიერებინა ქვების გადაზიდვისთვის საჭირო ძალა 20 გრადუსიან ფერდობებზე.

გარდა იარუსისა, არქეოლოგებმა ასევე აღმოაჩინეს სულ მცირე 100 წარწერა, რომლებიც ჰანტუბის ალებასტრის კარიერში ფარაონის ვიზიტს ეძღვნება. ასევე აღმოჩენილია კარიერის მუშების ქვის საცხოვრებლები.

მომზადებულია luxortimesmagazine.blogspot.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.