ძველეგვიპტურ სამარხში პაპირუსის უზარმაზარ გრაგნილზე დაწერილი „მიცვალებულთა წიგნი“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
ძველეგვიპტურ სამარხში პაპირუსის უზარმაზარ გრაგნილზე დაწერილი „მიცვალებულთა წიგნი“ აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

ეგვიპტეში, საქარის ძველეგვიპტურ სასაფლაოზე არქეოლოგებმა დედოფალ ნერაიტის სამგლოვიარო ტაძარი აღმოაჩინეს. მონუმენტი მისი ქმრის, ფარაონ ტეტის პირამიდის გვერდით მდგარა; ტეტი ეგვიპტეს ძვ. წ. 2323 – 2291 წლებში მართავდა. ინფორმაციას ეგვიპტის სიძველეთა სამინისტრო ავრცელებს.

ტაძარო ქვით არის ნაგები, სამხრეთ-აღმოსავლეთ მხარეს აქვს ტალახის აგურით ნაგები სამი საწყობი, რომლებშიც მოთავსებულია დედოფლისა და მისი ქმრისთვის მიძღვნილი შესაწირი.

სამინისტროს განცხადებით, პირამიდასთან ახლოს, ეგვიპტელ არქეოლოგთა ჯგუფმა ასევე აღმოაჩინა შახტური ტიპის სამარხები, რომლებშიც დაკრძალულია ეგვიპტის XVIII-XIX დინასტიების (ძვ. წ. 1550 – 1186) დროს მცხოვრები ხალხი.

სავარაუდოდ, ეს სამარხები ფარაონ ტეტის სადიდებელი კულტის ნაწილი იყო, რომელიც ფარაონის სიკვდილის შემდეგ ჩამოყალიბდა. როგორც ჩანს, მისი კულტი ათასწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა აქტიური — ხალხს მისი პირამიდის სიახლოვეს დაკრძალვა სურდა. არექოლოგებმა შახტურ სამარხებში 50-ზე მეტი ხის სარკოფაგი და სხვადასხვა სახის ობიექტები აღმოაჩინეს.

მიცვალებულთა წიგნი

შახტურ სამარხებში აღმოჩენილი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ობიექტია 4 მეტრის სიგრძის პაპირუსი, რომელზეც „მიცვალებულთა წიგნის“ მე-17 თავია დაწერილი; მიცვალებულთა წიგნი იყო ხელნაწერი, რომელსაც ძველი ეგვიპტელები მიცვალებულებს სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში გამოსადეგ სახელმძღვანელოდ ატანდნენ.

პაპირუსს აწერია მის მფლობელის სახელიც — პვხაეფი; ეს სახელი აწერია ერთ-ერთ ხის სარკოფაგს და უშაბტის ოთხ ფიგურას, რომლებიც მიცვალებულთა მსახურებს განასახირებდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში.

მეცნიერები ტექსტს ამჟამად სწავლობენ, მაგრამ ცნობილია, რომ მე-17 თავის სხვა ასლები შეიცავს კითხვებისა და პასუხების სერიას, რომლებიც მათი რწმენით, სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეში ნავიგაციისთვის უნდა ყოფილიყო გამოსადეგი. ჯერ არ ვიცით, იგივე კითხვა-პასუხი წერია თუ არა მე-17 თავის ახლად აღმოჩენილ ასლშიც.

შახტურ სამარხებში არქეოლოგთა ჯგუფმა აღმოაჩინა სტელა, რომელიც მამაკაცს, სახელად ხაპტაჰს და მის ცოლს, მვტემვიას ეკუთვნოდა; ხაპტაჰი ფარაონის სამხედრო ეტლის ზედამხედველი ყოფილა.

სტელას ზედა ნაწილში ასახულია, როგორ მიაგებს წყვილი პატივს ოსირისს, მიწისქვეშეთის ძველეგვიპტურ ღვთაებას; ქვედა ნაწილები კი ასახავს ტახტზე მჯდომ წყვილს ექვს შვილთან ერთად. მათი გოგონები სხედან და ლოტოსის ყვავილებს ყნოსავენ, ვაჟები კი ფეხზე დგანან.

არქეოლოგებმა ჯერ არ იციან, რომელ ფარაონს ემსახურებოდა ხაპტაჰი. არ არის გამორიცხული, ის რამსეს II-ის მსახური ყოფილიყო (რომელიც ძვ. წ. 1279 – 1213 წლებში ზეობდა), ფარაონის, რომლის სამხედრო კამპანიებმაც ეგვიპტის იმპერიის საზღვრები ჩრდილოეთით, სირიამდე განავრცო.

სტელას წარწერაში ნათქვამია, რომ ხაპტაჰის ორ შვილს რამსეს II-ის ოჯახის წვერთა სახელები ჰქვიათ. ხაპტაჰის ერთი ქალიშვილის სახელია ნეფერტარი (რამსეს II-ის მთავარი ცოლის სახელი), მის ერთ-ერთ ვაჟს კი ხაემვესეტი რქმევია (რამსეს II-ის ერთ-ერთი ვაჟის სახელი).

სამაგიდო თამაშები და მუმიები

პირამიდის სიახლოვეს სამარხებში ნაპოვნ სხვა აღმოჩენებს შორის არის ბრინჯაოს ცული, სამაგიდო თამაშები, ოსირისის ფიგურები და რამდენიმე მუმია, მათ შორის ქალის მუმია, რომელსაც როგორც ჩანს, მემკვიდრეობითი ხმელთაშუაზღვიური ცხელება სტანჯავდა — გენეტიკური აშლილობა, რომელიც პერიოდულ ცხელებას და მუცლის ღრუს, სახსრებისა და ფილტვების ანთებას იწვევს.

შახტური სამარხების გვერდით ასევე აღმოაჩინეს ძველეგვიპტური სასაფლაოს ღმერთის, ანუბისის სალოცავი და თავად ღვთაების ფიგურები.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.