როცა შენი საუკეთესო მეგობარი კოსმოსში მოემგზავრება - ფოტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან
როცა შენი საუკეთესო მეგობარი კოსმოსში მოემგზავრება - ფოტო საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან

ბოლო დღეებში საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან გადაღებული არაერთი შთამბეჭდავი ფოტო ვიხილეთ, მაგრამ მათ შორის ალბათ ყველაზე გამორჩეულია ნასას ასტრონავტის, კრისტინა კოჩის მირ გადაღებული სურათი. ასტრონავტმა ფოტო „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა საკმაოდ გულისამაჩუყებელი წარწერით.

ფოტოზე ასახულია რაკეტა „სოიუზ MS-15“-ის გაშვება, რომელსაც საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამი ადამიანი მიჰყავს — როსკოსმოსის კოსმონავტი ოლეგ სკრიპოჩკა, ნასას ასტრონავტი ჯესიკა მეიერი და ჰაზა ალი ალმანსური არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც სადგურზე რვა დღეს დაჰყოფს.

ფოტო განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ხაზს უსვამს კოჩისა და მეიერის მეგობრობის საკმაოდ ემოციურ მომენტს. ასტრონავტთა ტრენინგები მათ ერთად გაიარეს, ახლა კი ერთმანეთს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე შეხვდნენ, სადაც ისინი მომავალი წლის თებერვლამდე იცხოვრებენ და იმუშავებენ.

„როგორ ჩანს კოსმოსური სადგურიდან, როცა შენს საუკეთესო მეგობარს ცხოვრების ოცნება უსრულდება“, — დაწერა კოჩმა „ტვიტერზე“.

ფოტოზე ასახულია მრავალეტაპიანი რაკეტის მიერ ხომალდის ორბიტაზე გატანის მეორე ეტაპი. ყოველ ეტაპზე რაკეტა თითო მამოძრავებელს იშორებს, რითაც წონას იმცირებს. ადამიანების კოსმოსში გაყვანის ეს მეთოდი ეფექტიანია, მაგრამ საკმაოდ ძვირი; სწორედ ამიტომ ცდილობენ მეცნიერები მრავალჯერადი გამოყენების რაკეტის შექმნას მსგავსი მისიებისათვის.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ამჟამინდელი მისია გამორჩეულია ორი ფაქტით. როცა კრისტინა კოჩი დედამიწაზე დაბრუნდება, იგი დაასრულებს ქალის მიერ შესრულებულ ყველაზე ხანგრძლივ, 335-დღიან კოსმოსურ ფრენას. ამავე დროს, ჰაზა ალი ალმანსური პირველი ადამიანია არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, რომელიც კოსმოსში გაემგზავრა.

კოჩი, მეიერი და მათი კოლეგა ასტრონავტები მომდევნო ხუთი თვის განმავლობაში საკმაოდ დაკავებულნი იქნებიან. ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა სადგურის გარე ნაწილზე, გარშემო განთავსებული 12 მოძველებული ბატარეის გამოცვლა; ღია კოსმოსში ისინი ასევე გავლენ მაგნიტური ალფა-სპექტრომეტრის შესაკეთებლად. სადგურზე დამონტაჟებული ეს ხელსაწყო ანტიმატერიასა და კოსმოსურ სხივებს ზომავს.