რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთობლივი სამეცნიერო ექსპერიმენტები შეწყვიტა — #1tvმეცნიერება
რუსეთმა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ერთობლივი სამეცნიერო ექსპერიმენტები შეწყვიტა — #1tvმეცნიერება

რუსეთის კოსმოსური სააგენტო „როსკოსმოსი“ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ ნაწილში გერმანიასთან სამეცნიერო ექსპერიმენტებში აღარ ითანამშრომლებს. ამის შესახებ სააგენტო ტვიტერზე წერს.

„რუსეთის კოსმოსური პროგრამა სანქციების ფონზე დაკორექტირდება, პრიორიტეტი იქნება თავდაცვითი ინტერების თანამგზავრების შექმნა“, — წერს როსკოსმოსი.

იმავე ტვიტში ნათქვამია, რომ რუსეთი ექსპერიმენტებს დამოუკიდებლად გააგრძელებს.

როსკოსმოსი ასევე შეწყვეტს რუსული რაკეტების ძრავების აშშ-ში მიწოდებას, უკვე მიწოდებულებს კი სერვისს შეუწყვეტს.

ეს ნაბიჯი რუსეთის მხრიდან სამაგიეროა აშშ-ის, ბრიტანეთის, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების მიერ უკრაინაში შეჭრისთვის დაწესებული სანქციებისადმი.

სანქციების გამო, საფინანსო ქსელებისგან სრულ იზოლაციაში მოექცა რუსული ბანკები, რუბლი რეკორდულად გაუფასურდა, ათობით კომპანიამ კი რუსეთში მუშაობა შეწყვიტა.

სანქციები რუსეთს კოსმოსშიც შეეხო. წინა კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სანქციები დაასუსტებს რუსეთის აეროკოსმოსურ ინდუსტრიას, მათ შორის მათ კოსმოსურ პროგრამასაც.

ამასობაში, როსკოსმოსმა წნეხი გააძლიერა იმ კომპანიებზე, რომლებსაც ევროპასა და აშშ-ში აქვთ კავშირები.

რამდენიმე დღის წინ სააგენტომ განაცხადა, რომ ბაიკონურის კოსმოდრომიდან OneWeb-ის ინტერნეტ-თანამგზავრების ახალ პარტიას იქამდე არ გაუშვებს, ვიდრე გაერთიანებული სამეფო ამ კომპანიაში საკუთარ წილს არ გაყიდის და ვიდრე OneWeb-ი არ მისცემს გარანტიას, რომ თანამგზავრებს სამხედრო მიზნებისთვის არ გამოიყენებენ.

საპასუხო განცხადებაში OneWeb-მა განაცხადა, რომ ბაიკონურიდან ყველა გაშვებას აჩერებს.

სანქციების გამო სავარაუდოდ ასევე გადაიდება ევროპის კოსმოსური სააგენტოსა და რუსეთის ერთობლივი მისია მარსზე, რომელიც ამ ზაფხულს უნდა გაგზავნილიყო.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამჟამად საერთაშორისო ეკიპაჟი იმყოფება, რომელშიც შედის ორი რუსი, ერთი გერმანელი და ოთხი ამერიკელი ასტრონავტი.

NASA-ს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ოპერაციები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) განცხადებით კი, ის სრულად განახორციელებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს და შეაფასებს არსებულ პროგრამათა შედეგებს.