2031 წელს NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავს — #1tvმეცნიერება
2031 წელს NASA საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს წყნარ ოკეანეში ჩაძირავს — #1tvმეცნიერება

NASA-ს განცხადებით, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ნარჩენებს 2031 წელს წყნარი ოკეანის შორეულ ნაწილში ჩაძირავს, ადგილში, რომელსაც ნემოს წერტილს უწოდებენ.

კონგრესისთვის გაგზავნილ მოხსენებაში, NASA კოსმოსური სადგურის ფინალური ფაზის დეტალებს აღწერს და მიანიშნებს, რას გააკეთებენ მისი ასტრონავტები დედამიწის დაბალ ორბიტაზე მას შემდეგ, რაც კოსმოსური სადგური აღარ იარსებებს.

„NASA-ს დახმარებით, კერძო სექტორს ტექნიკურად და ფინანსურად შეუძლია კომერციული დაბალორბიტული სადგურების შექმნა და ამუშავება. ვგეგმავთ, მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ, რომ შექმნან უსაფრთხო, საიმედო და იაფი სადგურები კოსმოსში“, — ამბობს NASA-ს კომერციული დირექტორი ფილ მაკალისტერი.

მოხსენებას წინ უძღოდა ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კოსმოსური სადგურის ოპერირება 2024-ის ნაცვლად 2030 წლამდე გაგრძელდება. NASA-ს განცხადებით, სულ მცირე ამ დრომდე იმუშავებს სადგურის მისი კუთვნილი ნაწილი.

ამასობაში კი რუსეთი განაგრძობს იმის შეფასებას, რამდენ ხანს შეინარჩუნონ საკუთარი ნაწილი.

სადგურის ორბიტიდან მოხსნის ოპერაციის პირველ თვეებში იქ ეკიპაჟი შენარჩუნდება, მაგრამ ბოლო ფაზებში, 2030 წლის ბოლოს, ეკიპაჟის წევრებს გამოიყვანენ.

საბოლოო ეტაპი იქნება კოსმოსური სადგურის ნარჩენების ცეცხლოვანი შემოჭრა ატმოსფეროში და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, „კოსმოსური ხომალდების სასაფლაოს“ სახელით ცნობილ ადგილას ჩაძირვა. გეგმის მიხედვით, ეს 2031 წლის დასაწყისში უნდა მოხდეს.

წერტილი ნემო ახალ ზელანდიასა და ჩილეს შორის მდებარეობს და მისგან უახლოესი ხმელეთი 2687 კილომეტრშია. სწორედ ამ წერტილში ჩაცვივდება ატმოსფეროში დამწვარი სადგურის ნარჩენები. ნემოს წერტილში უკვე ასობით ვადაგასული, გამოუსადეგარი კოსმოსური ხომალდია ჩაძირული.

ნემოს წერტილი

2033 წლისთვის, NASA მთლიანად კომერციულ დაბალორბიტულ სადგურებზე იქნება გადასული, რითაც 1,75 მილიარდი დოლარის დაზოგვას ვარაუდობს. ამ დანაზოგს სააგენტო სავარაუდოდ ისეთი ამბიციური მისიებისკენ მიმართავს, როგორებიც არის ასტრონავტების გაგზავნა მთვარეზე და მარსზე.

მომზადებულია Universe Today-ს მიხედვით.