სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გმობს რუსეთის მიერ ანტისატელიტური რაკეტის საშიშ და უპასუხისმგებლო გამოცდას
სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ გმობს რუსეთის მიერ ანტისატელიტური რაკეტის საშიშ და უპასუხისმგებლო გამოცდას

აშშ გმობს რუსეთის მიერ ანტისატელიტური რაკეტის „საშიშ და უპასუხისმგებლო“ გამოცდას. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.

სახელმწიფო დეპარტამენტს ცნობით, რუსეთის ქმედებებმა საფრთხე შეუქმნა საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟს.

როგორც „ბიბისი“ წერს, რაკეტის გამოცდის შედეგად აფეთქდა რუსეთის კუთვნილი სატელიტი და წარმოიქმნა ნამსხვრევები, რამაც კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი აიძულა, კაპსულებისთვის შეეფარებინათ თავი.

ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფება, მათ შორის ოთხი ამერიკელი, ერთი გერმანელი და ორი რუსი.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა, ანტისატელიტური რაკეტის დესტრუქციული გამოცდის შედეგად, წარმოიქმნა ასობით ათასი ორბიტალური ნამსხვრევი, რომლებიც ახლა საფრთხეს უქმნის ყველა ქვეყნის ინტერესებს.

„ამას გარდა, ამ გამოცდამ მნიშვნელოვნად გაზარდა რისკი საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ასტრონავტებისა და კოსმონავტებისთვის, ასევე კოსმოსში ადამიანის სხვა საქმიანობისთვის. რუსეთის საშიში და უპასუხისმგებლო ქმედება საფრთხეს უქმნის კოსმოსურ სივრცეში გრძელვადიან მდგრადობას და ცხადად აჩვენებს, რომ რუსეთის განცხადებები, რომ ის კოსმოსში იარაღის განთავსების წინააღმდეგია, თვალთმაქცი და და არაკეთილსინდისიერია. აშშ იმუშავებს თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან რუსეთის უპასუხისმგებლო ქმედებაზე რეაგირებისთვის“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

თავის მხრივ, როსკოსმოსში განაცხადეს, რომ ამჟამად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფ ეკიპაჟს საფრთხე არ ემუქრება.

„ამჟამად საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ეკიპაჟი ასრულებს სამუშაოებს ფრენის პროგრამის მიხედვით. ობიექტის ორბიტა, რომლის გამოც ეკიპაჟი იძულებული იყო, სტანდარტული პროცედურების შესაბამისად, კოსმოსურ ხომალდებში გადასულიყო, საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ორბიტას დაშორდა. სადგური მწვანე ზონაშია“, – ნათქვამია როსკოსმოსის განცხადებაში.

დატოვე კომენტარი