უკრაინულმა დრონებმა რუსეთის რამდენიმე რეგიონზე იერიში მიიტანეს, ტულის რეგიონში კი სარაკეტო საწვავის ქარხანა დაბომბეს

13:38, 27.11.2026

გასულ ღამით უკრაინულმა დრონებმა შეტევა განახორციელეს რუსეთის რამდენიმე რეგიონზე, მათ შორის სანკტ-პეტერბურგზე, ტულის რეგიონში კი სარაკეტო საწვავის ქარხანა დაბომბეს.

ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე დროზდენკომ დრონებით შეტევის შესახებ განგაში დაახლოებით შუაღამის 02:00 საათზე გაავრცელა. მისი თქმით, რეგიონში 45 დრონი ჩამოაგდეს.

გავრცელებული ცნობით, ლადოგის ხიდი დროებით დაიკეტა და მასზე მობილური სახანძრო ჯგუფები მუშაობენ. ადგილობრივი მცხოვრებლების ცნობით, აფეთქებები ქალაქის რვა რაიონში მოხდა. ტულის რეგიონში, ქალაქ ეფრემოვში, ეფრემოვის სინთეტიკური რეზინის ქარხნის მახლობლად აფეთქებები მოხდა და მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. კომპანია რუსეთში სინთეტიკური რეზინის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია და სტრატეგიული მნიშვნელობისაა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ქარხანა აწარმოებს მყარი სარაკეტო საწვავის კომპონენტებს, კერძოდ, ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო სისტემის, „ისკანდერის“ ბალისტიკური რაკეტებისთვის. კომპანიის სინთეტიკური რეზინები გამოიყენება ტაქტიკური და ბალისტიკური რაკეტებისთვის განკუთვნილი მყარი სარაკეტო საწვავის წარმოებაში.

პარალელურად, 26 ნოემბრის ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, მარინოვკის აეროდრომზე „ნეპტუნის“ ტიპის რაკეტებით იერიში განახორციელეს. რუსეთი ამ აეროდრომზე „სუ-34“-ის ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებს ათავსებს, საიდანაც უკრაინის ქალაქებსა და თავდაცვის ძალების პოზიციებზე ბომბებს ყრიან.

მსგავსი