ირანის არმიის კონტრ-ადმირალი – მტერი ჩვენს ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს პრაქტიკაში შეხვდება და შეტევას თუ დაიწყებს, მათ შედეგებს იხილავს

14:39, 27.11.2026

მტერი ჩვენს ახალ საჰაერო თავდაცვის სისტემებს პრაქტიკაში შეხვდება და შეტევას თუ დაიწყებს, მათ შედეგებს იხილავს, – ამის შესახებ ირანის არმიის შტაბის უფროსმა და კოორდინატორის მოადგილემ, კონტრ-ადმირალმა, ჰაბიბოლა საიარიმ განაცხადა.

ირანელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, ქვეყანამ ბევრი რამ ისწავლა 12-დღიანი ომისა და რამადანის ომისგან და ერთ-ერთი გაკვეთილი ის არის, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას.

საიარის განმარტებით, ბოლო ომის შემდეგ, არმიის სპეციალისტებმა და პირადმა შემადგენლობამ, საკუთარი ტექნიკური ცოდნის, შემოქმედებითი მიდგომისა და დაუღალავი შრომის მეშვეობით, ახალი თავდაცვითი აღჭურვილობა შექმნეს.

მისი თქმით, ახლად დამზადებული აღჭურვილობა უკვე გამოიყენება ქვეყნის თავდაცვისთვის და მტერს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.  ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ უფრო დახვეწილი საჰაერო თავდაცვის სისტემების დაპროექტებისა და წარმოების პროცესი კვლავაც გრძელდება.

პარალელურად, ირანული მედია წერს, რომ აშშ-ის სამხედრო ძალების კუთვნილმა გამანადგურებელმა F-16-მა იძულებით შეიცვალა კურსი და დატოვა ირანის საჰაერო სივრცე მას შემდეგ, რაც „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ საჰაერო-კოსმოსური ძალების თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გამაფრთხილებელი გასროლა განხორციელდა.

მსგავსი