საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ კაფსულაზე მომხდარი გაჟონვის მიზეზი შეიძლება მიკრომეტეორიტი იყოს — #1tvმეცნიერება
საერთაშორისო კოსმოსური სადგურის რუსულ კაფსულაზე მომხდარი გაჟონვის მიზეზი შეიძლება მიკრომეტეორიტი იყოს — #1tvმეცნიერება

NASA-ს ინჟინრები რუს ინჟინრებთან ერთად მუშაობენ, რათა შეაფასონ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურთან შეპირაპირებული რუსული კაფსულა „სოიუზიდან“ გამაგრილებლის გაჟონვა. კაფსულაჟი ეკიპაჟი იმყოფება. მეცნიერთა აზრით, გაჟონვის მიზეზი შეიძლება მიკრომეტეორიტის დარტყმა გახდა.

NASA TV-ს დრამატულ ვიდეოში ჩანს თოვლის ფიფქების მსგავსი თეთრი ნაწილაკები, რომლებიც კაფსულის უკანა ნაწილიდან საათების განმავლობაში გამოდიოდა.

გამაგრილებლის გაჟონვის გამო, ბოლო წუთებში გაუქმდა რუსი კოსმონავტების ღია კოსმოსში გასვლა და შეიძლება, ამან გავლენა იქონიოს უკანა ფრენაზეც, რომლითაც დედამიწაზე ეკიპაჟის სამი წევრი უნდა დაბრუნდეს.

რუსეთის კოსმოსური სააგენტოსა და NASA-ს განცხადებით, ხომალდ Soyuz MS-22-ზე მომხდარი გაჟონვა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტებისა და კოსმონავტებისთვის.

„სადგურზე მყოფი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან და გაჟონვისას არავინ დაზარალებულა“, — ამბობს NASA.

კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, ისინი „როსკოსმოსთან“ ერთად მუშაობენ, რათა მოქმედების შემდეგი ნაბიჯები განსაზღვრონ.

ყოფილი კოსმონავტის, ამჟამად კი „როსკოსმოსის“ ეკიპაჟიანი კოსმოსური ფრენების პროგრამის ხელმძღვანელის, სერგეი კრიკალევის განცხადებით, გაჟონვის მიზეზი შეიძლება გახდა Soyuz MS-22-თან მიკრომეტეორიტის შეჯახება.

„გაჟონვა შეიძლება გამოიწვია რადიატორში მიკრომეტეორიტის შესვლამ. ამას შეიძლება შედეგად მოჰყვეს ტემპერატურის ცვლილება. არც სოიუზში და არც სადგურის რუსული ან ამერიკული სეგმენტების ტელემეტრიულ პარამეტრებში რაიმე სხვა ცვლილება არ დაფიქსირებულა“, — ამბობს კრიკალევი.

NASA-ს განცხადებით, სადგურის ეკიპაჟმა ჩვეულებრივი ოპერაციები შეასრულა, მათ შორის, გადააწყო ხელსაწყოები ორშაბათს ამერიკელი ასტრონავტების დაგეგმილი ღია კოსმოსში გასვლისთვის.

Soyuz MS-22-მა რუსი კოსმონავტები, სერგეი პროკოპიევი და დიმიტრი პეტელინი NASA-ს ასტრონავტ მარკ რუბიოსთან ერთად საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სექტემბერში აიყვანა.

დედამიწაზე მათი დაბრუნება მარტში იყო დაგეგმილი, მაგრამ თუ Soyuz MS-22-ის შეკეთება ვერ მოხერხდა, ამისათვის იქ სხვა ხომალდის გაგზავნა გახდება საჭირო.

გაჟონვის დაწყებამდე, პროკოპიევი და პეტელინი ღია კოსმოსში გასვლას ორშაბათს, 19 დეკემბერს გეგმავდნენ.

NASA-ს განცხადებით, გაჟონვა Soyuz MS-22-ის უკანა ბოლო ნაწილში მოხდა, რომელიც საიმედოდ არის გამოყოფილი კოსმოსური სადგურიდან.

რუბიოს, პროკოპიევისა და პეტელინის გარდა, სადგურზე ამჟამად კიდევ ოთხი სხვა ასტრონავტი იმყოფება.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.