რისთვის აშენებს ჯეფ ბეზოსი გიგანტურ მექანიკურ საათს, რომელიც 10 000 წელს გაძლებს
რისთვის აშენებს ჯეფ ბეზოსი გიგანტურ მექანიკურ საათს, რომელიც 10 000 წელს გაძლებს

Amazon-ისა და სარაკეტო კომპანია Blue Origin-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი ტეხასის შტატში მთას ფლობს.

ცოტა ხნის წინ, პლანეტის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადამიანმა საზოგადოებას გაუმხილა, რის შენახვას აპირებს ამ მთის წიაღში: გიგანტური მექანიკური საათი, რომელიც 10 000 წელიწადს გაძლებს.

საინტერესოა, რისთვის სჭირდება ბეზოსს ეს მოწყობილობა, რომლის დამზადებაც 42$ მილიონი დაჯდება?

სინამდვილეში, იდეა გამომგონებელსა და მეცნიერს, დენი ჰილისს ეკუთვნის, რომელმაც ეს კონცეპტი ათი წლის წინ შეიმუშავა — საათი, რომელიც დროის ნამდვილი ტესტი იქნება, აწიკწიკდება წელიწადში მხოლოდ ერთხელ და უზუსტესად აღნუსხავს დროს მომდევნო ათი ათასი წლის განმავლობაში.

„ამ საათის არსებობის განმავლობაში, აშშ უკვე აღარ იარსებებს. მთელი ცივილიზაცია აღზევდება და დაეცემა.

გამოიგონებენ ძალაუფლების ახალ სისტემებს. არავის შეუძლია წარმოიდგინოს, როგორი იქნება მსოფლიო. ვცდილობთ, ამ საათმა ყველა ეს ეპოქა განვლოს“, — უთხრა ბეზოსმა გამოცემა Wired-ს ჯერ კიდევ 2011 წელს.

ეს იყო რამდენიმე წლის წინ, როცა ბეზოსი დენი ჰილისთან და გამომგონებელთა ჯგუფ The Long Now Foundation-თან ერთად მუშაობდა საათის დიზაინსა და საინჟინრო დეტალებზე.

ამის შემდეგ, ეს ამბავი ყველას დაავიწყდა, მაგრამ ყველაფერი შეიცვალა ერთი კვირის წინ, როცა ბეზოსმა პროექტის შესახებ Twitter-ზე მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვამცნო. Amazon-ის შეფმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ასახულია 152 მეტრი სიმაღლის საათის დამონტაჟების პროცესი სიერა-დიაბლოს მთის წიაღში.

ამ დროისათვის, ჯერ უცნობია, როდის დასრულდება საათის აგება, მაგრამ როგორც Long Now Foundation-ი განმარტავს, დასრულებისთანავე, საათის ნახვას ყველა შეძლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შესაფერის დროს თუ ესტუმრებით, მოისმენთ საათის რეკვას. ეს კი ყოველ 1000 წელიწადში ერთხელ მოხდება.

საზოგადოების ერთი ნაწილი ბეზოსს ადანაშაულებს „არაფრისმომცემ პროექტზე“ თანხების უაზრო ხარჯვაში, მეორე ნაწილი კი საათის სიმბოლური დატვირთვისადმი უფრო კეთილგანწყობილია.

„მას პრაქტიკული დანიშნულება არ გააჩნია, არც ფულს გამოიმუშავებს. ეს უფრო კონცეპტუალური ხელოვნების ნიმუშია, რომელიც კაცობრიობას შორეული მომავლის იმედით აგულიანებს“, — წერდა 2013 წელს გამოცემა Fortune.

რაც არ უნდა იყოს, ეს მექანიკური საოცრება ნამდვილად ღირს, რომ ადამიანმა საკუთარი მილიონები დახარჯოს, მაგრამ თუ ჯეფ ბეზოსის იდეას მაინც არ ემხრობით, ჰკითხეთ საკუთარ თავს: არის თუ არა კაცობრიობისთვის უფრო მეტად გამოსადეგი მასკის მიერ მზის ორბიტაზე გაგზავნილი ავტომობილი Tesla Roadster-ი?

მომზადებულია fortune.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით