ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში იფრინა და ხმელეთზე წარმატებით დაეშვა — #1tvმეცნიერება
ჯეფ ბეზოსმა კოსმოსში იფრინა და ხმელეთზე წარმატებით დაეშვა — #1tvმეცნიერება

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი კოსმოსში საკუთარი კომპანიის ქვეორბიტული რაკეტით გაფრინდა. ეკიპაჟის წევრები ასევე იყვნენ მისი ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი უოლი ფანკი და 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი ოლივერ დეიმენი.

მისია, სახელად NS-16, პირველია, რომლითაც ბეზოსის კომპანია Blue Origin-მა ადამიანები კოსმოსში წაიყვანა. ბეზოსი მეორე მილიარდერია, რომელიც საკუთარი კომპანიის რაკეტით გაფრინდა; 11 ივლისს, საკუთარი კომპანია Virgin Galactic-ის რაკეტით კოსმოსში იფრინა რიჩარდ ბრენსონმა. გარდა ამისა, ოლივერ დეიმენი კოსმოსში გაფრენილი ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება გახდა, უოლი ფანკი კი, რომელიც 1960-იან წლებში წვრთნიდა ასტრონავტებს და თავად კოსმოსში აქამდე არასოდეს ყოფილა — ყველაზე ხანდაზმული.

მთელი მისია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.

6-სართულიანი შენობის სიმაღლის რაკეტა New Shepard-ი ტეხასის ქალაქ ვან-ჰორნიდან, Blue Origin-ის გამშვები პუნქტიდან აფრინდა. დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე რაკეტას გამოეყო კაფსულა, რომელშიც ეკიპაჟის წევრები იყვნენ. მიკროგრავიტაციის უწონადობაში მათ რამდენიმე წუთი გაატარეს და დედამიწის ზედაპირის გამრუდებაც დაინახეს. ამასობაში, რაკეტის გამწევი ვერტიკალურად დაჯდა აფრენის ადგილის სიახლოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ეკიპაჟის კაფსულა პარაშუტებით წარმატებით დაეშვება და მიწაზე დაჯდა.