ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის რაკეტით კოსმოსში გაემგზავრება — #1tvმეცნიერება
ჯეფ ბეზოსი საკუთარი კომპანიის რაკეტით კოსმოსში გაემგზავრება — #1tvმეცნიერება

ჯეფ ბეზოსი საკუთარი კოსმოსური კომპანია Blue Origin-ის მიერ შექმნილი რაკეტის პირველი ეკიპაჟიანი ფრენის წევრი იქნება და კოსმოსში გაფრინდება. ფრენა 2021 წლის 20 ივლისისთვის არის დაგეგმილი, ბეზოსის მიერ Amazon-ის ხელმძღვანელის პოსტის დატოვებიდან 15 დღეში.

Blue Origin-ის განცხადებით, ფრენას შეუერთდება ბეზოსის უმცროსი ძმა, მარკ ბეზოსიც.

„კოსმოსში მოგზაურობაზე ხუთი წლის ასაკიდან ვოცნებობ. 20 ივლისს, ამ მოგზაურობაში ჩემს ძმასთან ერთად გავეშურები. ეს იქნება დიდებული თავგადასავალი ჩემს საუკეთესო მეგობართან ერთად“, — წერს 57 წლის ბეზოსი ინსტაგრამზე.

თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, რომლის ქონებაც 187 მილიარდ დოლარს შეადგენს, კოსმოსურ ინდუსტრიაში მოღვაწე პირველი მილიარდერი იქნება, რომელიც ასეთ მოგზაურობაში გაეშურება.

კოსმოსში გამგზავრების სურვილი ჯერ ილონ მასკსაც კი არ გამოუთქვამს, რომლის კომპანიაც ამ სეგმენტში უკვე დიდი წარმატებით მოღვაწეობს.

ბეზოსის Blue Origin-ის პირდაპირ კონკურენტად მოიაზრება მილიარდრ რიჩარდ ბრენსონის კომპანია Virgin Galactic-ი, რომელიც მსურველებისთვის ქვეორბიტული ტურების დაწყებას გეგმავს. ბრენსონმა ჯერ კიდევ დიდი ხნის წინ განაცხადა, რომ პირველი მგზავრი სწორედ თავად იქნება; მისი ფრენა 2021 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.

Blue Origin-ის პირველი ეკიპაჟიანი ფრენა კომპანიის ექვსადგილიანი კაფსულით განხორციელდება; 19-მეტრიანი რაკეტა მას 11-წუთიან მოგზაურობაში წაიღებს დედამიწის ზედაპირიდან 96 კმ სიმაღლეზე.

კაფსულას, სახელად New Shepard-ს, კომპანია Blue Origin-ი უკვე ექვსი წელია ტესტავს. მაისში ცნობილი გახდა, რომ კაფსულა პირველი კოსმოსური მგზავრების მისაღებად ემზადებოდა.

კომპანია ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, რა ეღირება ბილეთები, მაგრამ აღნიშნავს, რომ ერთ ადგილს დაიკავებს ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე აუქციონის გამარჯვებული. ამ დროისათვის, შეთავაზების ფასი 2,8 მილიონ დოლარზეა გაჩერებული.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.